პიტერ სიიარტო: უნგრეთი ნებისმიერი სახის მხარდაჭერას უწევს საქართველოს მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ლიბერალური მეინსთრიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გაუცხოებისთვის, რაც ძალიან მავნებლური და სახიფათო მიდგომაა
მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ უნგრეთი სრულად არის ერთგული საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
„უნგრეთი ნებისმიერი სახის მხარდაჭერას უწევს საქართველოს მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ლიბერალური მეინსთრიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გაუცხოებისთვის, რაც ძალიან მავნებლური და სახიფათო მიდგომაა ბრიუსელისგან. ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც საუბარია ერის დამცირებაზე და ჩვენ ამას უარვყოფთ. ამით ევროპარლამენტი მავნებლურ ქმედებებს სჩადის იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში არსებობს ომის მომხრე და ლიბერალური უმრავლესობა, რომელიც მუდმივად ესხმის თავს მათ, ვინც ღიად საუბრობს მშვიდობაზე.
„[საქართველოში] ოპოზიციას რომ მოეგო არჩევნები, მაშინ ბრიუსელი საქართველოში დემოკრატიის შესახებ ხმამაღლა ისაუბრებდა. [...] მაგრამ არჩევნები კონსერვატიულმა პარტიამ მოიგო და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა უგულებელყონ მოქალაქეების სურვილი. ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მათ გამოხატეს დემოკრატიული არჩევნების გზით“, - განაცხადა მან.