საბერძნეთში ფერმერების პროტესტი იზრდება !

თებ 4, 2025 - 06:44
 0  3
საბერძნეთში ფერმერების პროტესტი იზრდება !

საბერძნეთში ფერმერების საპროტესტო გამოსვლები იზრდება. მან უკვე არაერთი სასოფლო-სამეურნეო რეგიონი მოიცვა. კარდიცაში, E-65 ავტომაგისტრალზე, ფერმერებმა სიმბოლური საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის დროსაც თავიანთი მოთხოვნები და პრეტენზიები წამოაყენეს. აგიაში ფერმერებმა ლარისა-აგიას გზა გადაკეტეს და გამვლელ მძღოლებს საკვები პროდუქტები დაურიგეს, თავად ლარისაში (თესალიის რეგიონი) კი ფერმერებმა შემდგომი აქტივობები დაგეგმეს. პარალელურად, პტოლემაიდაში მძიმე აგრარული ტექნიკით მსვლელობა მოეწყო. მიმდინარე კვირის განმავლობაში, სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულთა საპროტესტო მობილიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება - ავტომაგისტრალებზე იოანინელი ფერმერებიც გამოვლენ.

728
300

თესალიაში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე ფერმერები რეგიონის ცენტრში შეიკრიბნენ და გუბერნატორ დიმიტრი კურეტასთან შეხვედრა მოითხოვეს.

მოტორიზებული მარში პტოლემაიდაში

დღეს, შუადღისას, ეორდიისა და ამინდეონის რაიონების ფერმერები, ვერმიოს აგრარული ასოციაციის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, დიდ მსვლელობას გამართავენ. აქციის მონაწილეები ქალაქ ეორდიის მერიასთან მივლენ, სადაც საპროტესტო პეტიციას წარადგენენ.

ფერმერები ეპირის ქუჩებში

ამ კვირაში პროტესტს იოანინელი ფერმერებიც შეუერთდებიან. მათ გადაწყვიტეს, მსვლელობა და შეკრება ოთხშაბათს, 5 თებერვალს, შუადღისას, ქალაქ იოანინას ცენტრში გამართონ. იმავე დღეს გაიმართება შეხვედრა, რომელზეც მათი სამომავლო გეგმები გახდება ცნობილი.

ფერმერებმა მობილიზება პრევეზაშიც დაიწყეს. ლუროსის რაიონში მათ საგზაო მაგისტრალის ბლოკირება მოახდინეს. ამავდროულად, აქტივისტთა ჯგუფები, შესაბამის დაწესებულებებსა და სოფლის მოსახლეობაში, სააგიტაციო მასალებს ავრცელებენ. არტასა და თესპროტიაში მცხოვრები ფერმერები საპროტესტო გამოსვლებში ასევე ამ კვირაში ჩაერთვებიან.

თესალიაში გზების სიმბოლური ბლოკირება გრძელდება

გუშინ რეგიონის ფერმერებმა, სიმბოლური პროტესტის ნიშნად, ლარისა-აგიას გზა დაახლოებით საათნახევრით გადაკეტეს. აქციაში, ძირითადად, ის ფერმერები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ვაშლი და წაბლი მოჰყავთ. საერთო პრობლემებთან ერთად, მათ თავიანთი პროდუქციის კომპენსაციის საკითხიც აწუხებთ.

კვირა დილით, სხვადასხვა დაწესებულების, ასოციაციის და პროფკავშირების წარმომადგენლები, კარდიცასა და ფარსალას რეგიონის მოსახლეობასთან ერთად, ფერმერების მიერ გადაკეტილ გზაჯვარედინ E-65-ზე შეიკრიბნენ, რათა საკოორდინაციო ორგანოს მიერ ორგანიზებულ თავყრილობაში მიეღოთ მონაწილეობა. აქციას ფარსალადან ჩამოსული სატვირთო მანქანების მძღოლებიც შეუერთდნენ.

ავტომაგისტრალის სიმბოლური ბლოკირება ხანიაში

კვირას, 2 თებერვალს, ხანიაში (კუნძული კრეტა), ხანია-რეთიმნონის ცენტრალურ გზატკეცილზე, მეგალა ჰორაფიას გზაჯვარედინთან, ბანერებითა და ლოზუნგებით მისულმა მომიტინგეებმა მოძრაობა დროებით გადაკეტეს. პროტესტის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ისინი მომავალ კვირაში მიიღებენ. ხანიელი ფერმერები საბერძნეთის სხვა სასოფლო-სამეურნეო რაიონებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებთან თანამშრომლობას გეგმავენ. მათ მოთხოვნებს შორის არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რადიკალური ზომების დაუყოვნებლივ მიღება.

728
300