ჩინეთი მფრინავ რობოტს მთვარის უხილავ მხარეს გაყინული წყლის აღმოსაჩენად გააგზავნის
2026 წელს ჩინეთი მფრინავ რობოტს მთვარის უხილავ მხარეს გაყინული წყლის აღმოსაჩენად გააგზავნის. ეს შეიძლება დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის სამომავლო შესწავლის გასაღები გახდეს, - წერს CNN-ი.
რობოტიზებული „მფრინავი დეტექტორი“ მთვარის სამხრეთ პოლუსზე განთავსდება ჩინური კოსმოსური მისიის „ჩანიე-7"- ის ფარგლებში.
2024 წელს ჩინელმა მეცნიერებმა მთვარის ნიადაგის სინჯებში წყალი აღმოაჩინეს, მანამდე იგივე აღმოჩენას NASA-ს და ინდოეთის კოსმოსურმა ხომალდებმა მიაგნეს, თუმცა სპეციალისტების მთავარი მისია ახლა გაყინული წყლის აღმოჩენაა, რომელიც სამომავლოდ მისცემს მათ საშუალებას შეამცირონ მთვარეზე წყლის მიწოდების დრო და დანახარჯი, ააშენონ ბაზა და შეისწავლონ სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობა მთვარესა და სხვა პლანეტებზე.
ექვსფეხა კოსმოსურ ზონდს შესაძლებლობა ექნება იხოხოს, იხტუნოს, იფრინოს. შესაბამისად, ის შეძლებს შეისწავლოს მთვარეზე ღრმა კრატერები, რომლებიც ჩვეულებრივი მთვარემავლებისთვის მიუწვდომელია.
ერთ-ერთი მეცნიერის ვუ ვეირენის თქმით, მთვარის სამხრეთ პოლუსზე ძალიან ღრმა მღვიმეებია და იქ შესაძლოა იყოს წყალი. ექვსფეხა კოსმოსური ზონდის მისია სწორედ ამ ღრმა კრატერების შესწავლა იქნება.