ჩინეთი ტიბეტელებისა და უიღურების მდგომარეობის შესახებ შვეიცარიის მთავრობის ანგარიშს აკრიტიკებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო შვეიცარიის მთავრობის ანგარიშში შეტანილი ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ოფიციალური პეკინი შვეიცარიაში მცხოვრებ ტიბეტელებსა და უიღურებს ავიწროვებს. ასეთ შეფასებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინოსტროში „ყალბი ინფორმაცია“ უწოდეს.
შვეიცარიის მთავრობის ანგარიშში გამოთქმულია ეჭვი, რომ შვეიცარიაში მცხოვრებ ტიბეტელებსა და უიღურებს ჩინეთი ჯაშუშობისა და მათივე თემის წევრებზე ზეწოლისკენ უბიძგებს, ამავდროულად, მიმართავს „ტრანსნაციონალური რეპრესიების“ სხვა ფორმებს, როგორიცაა კიბერშეტევები და უმცირესობათა ჯგუფებზე თვალთვალი.
მთავრობის ანგარიში ეფუძნება ბაზელის უნივერსიტეტის კვლევას, რომელიც იუსტიციის ფედერალური დეპარტამენტისა და მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს (SEM) დაკვეთით ჩატარდა.
ამის საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გუო ძიაკუნმა განაცხადა, რომ შვეიცარიის მთავრობამ „პატივი უნდა სცეს ჩინეთის ფუნდამენტურ ინტერესებს, გაითვალისწინოს მისი ძირითად პრობლემები და დეზინფორმაციის გავრცელება შეწყვიტოს“.
„პოლიტიკური მანიპულაციები ტიბეტისა და სინძიანის საკითხებზე ჩინეთის შეურაცხყოფაა და რეალურ ფაქტებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა მან პრესკონფერენციაზე.
საფრთხე სუვერენიტეტისთვის
თავის ანგარიშში შვეიცარიის მთავრობა სხვადასხვა ზომის მიღების რეკომენდაციას იძლევა, რომლებმაც საფრთხეების პრევენციას და ცნობიერების ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი. მას ასევე სურს, გაიზარდოს ინფორმირების დონე ყველა ფედერალურ, რეგიონულ და საჯარო სამსახურში, რომლებიც, შესაძლოა, ტრანსნაციონალურ რეპრესიებში არიან ჩართულნი.
ფედერალური საბჭოს აზრით, ტრანსნაციონალური რეპრესიების იდენტიფიცირება ადვილი არ არის, ამიტომ, ისინი სერიოზულ გრძელვადიან საფრთხეს უქმნიან შვეიცარიის სუვერენიტეტს. მთავრობის განცხადებით, ციფრული ტრანსფორმაცია, ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის მზარდი თანამშრომლობა და მზაკვრული მეთოდების გამოყენება მომავალში ამ პრობლემას კიდევ უფრო რთულად მისაგვარებელს გახდის.
საუკუნეების მანძილზე, ტიბეტში ერთმანეთს ენაცვლებოდა დამოუკიდებლობისა და ჩინეთის მხრიდან კონტროლის პერიოდები. დღეს პეკინი ამტკიცებს, რომ მან „მშვიდობიანად გაათავისუფლა“ ქვეყანა და მას მაღალი დონის ინფრასტრუქტურა და განათლების სისტემა დაუტოვა.
მეორე მხრივ, ჩინეთს დასავლეთ სინძიანის რეგიონში მცხოვრები უიღური უმცირესობის წევრების წამებაში, იძულებით შრომასა და თვითნებურ დაკავებებში ედება ბრალი.
პეკინი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სინძიანში მისი ქმედებები ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.