თანამედროვე მოზარდებს გარდატეხის ასაკი უფრო ადრე ეწყებათ. რატომ?

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება ტენდენცია, რომელიც გოგონებში სქესობრივი მომწიფების ადრეულ ასაკში დაწყებაზე მიუთითებს. ეს, გარკვეულწილად, ბიჭების შემთხვევაშიც გამოვლინდა. თუ რა გახდა ამის მიზეზი, Deutsche Welle-მ შეისწავლა.
რა ხდება?
ვინ არის ეს უცხოპლანეტელი, რომელიც ჩემ წინ დგას? - ბევრ მშობელს დაუსვამს ეს კითხვა საკუთარი თავისთვის, როდესაც გარდატეხის ასაკში ნაადრევად შესული შვილის მორიგ აგრესიულ გამოხტომას შეხებია. კლასიკური ფსიქოლოგია სქესობრივ მომწიფებას განმარტავს როგორც პერიოდს, როდესაც ახალგაზრდები მშობლებს შორდებიან და საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებას იწყებენ. კრიზისები და კონფლიქტები კი ამ პროცესის ნაწილია და შესაბამისად, „უფროსებისადმი“ მკაცრი ან ზიზღისმიერი მოპყრობა შეიძლება „ნორმალურ“ გვერდით მოვლენად ჩაითვალოს. თუმცა რა დგას ამის უკან ბიოლოგიური თვალსაზრისით? რა ძალები ამოძრავებთ მოზარდებს?
ყველაფერი თავში იწყება
კვლევა აჩვენებს, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდის ცხოვრება, ფაქტობრივად, სამშენებლო ობიექტს ემსგავსება – ყოველდღიურად იცვლება არა მხოლოდ სხეული, არამედ - ტვინიც. ორგანიზმში მოძრაობა ეგრეთ წოდებული გონადოტროპინებით იწყება. ეს არის ჰორმონები, რომლებიც ჰიპოფიზში წარმოიქმნება და იწვევს სასქესო ჯირკვლების ზრდას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს "ნამდვილი" სასქესო ჰორმონების გამომუშავებას. ვარაუდი, რომ გოგონებში მხოლოდ ქალის ჰორმონების გამოყოფა იწყება და ბიჭებში - მხოლოდ კაცის, უკვე მოძველდა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ სქესობრივი მომწიფება თითოეულ მათგანში ორივე ჯგუფის ჰორმონებს იწვევს. მათი თანაფარდობა იცვლება უკვე სქესობრივი მომწიფების პერიოდში - გოგოებში ესტროგენების სასარგებლოდ, ბიჭებში კი ტესტოსტერონი ჭარბობს. თუმცა სქესის მიუხედავად, გარდატეხის ასაკი იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ ცვლილებებს, რითიც აიხსნება სწორედ მათი განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და გაღიზიანება. მიუხედავად ამისა, ადრეული პუბერტატის (სქესობრივი მომწიფება მოზარდობის ასაკში) ერთადერთი მიზეზი ჰორმონები არ არის.
პუბერტატი იწყება ერთი წლით ადრე, ვიდრე - 50 წლის წინ
როგორც ერთ-ერთი კვლევის ანგარიში აჩვენებს, 2013 წელს გოგონებმა სქესობრივი მომწიფება, საშუალოდ, თითქმის ერთი წლით ადრე დაიწყეს, ვიდრე - 1977 წელს. იგივე ეხება ბიჭებს. თუმცა კვლევის შედეგები აქ არც ისე ცალსახაა. ამავდროულად, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, გოგონებში მენსტრუალური ციკლის დაწყება თითქმის უცვლელი დარჩა. ეს მაჩვენებელი ევროპაში, დაახლოებით, 13 წლის ასაკია. ამის შესახებ DW-სთან გერმანიის ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პედიატრიული ენდოკრინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბეტინა გოლკემ ისაუბრა. თუ უფრო გრძელვადიან პერიოდს შევადარებთ, უნდა აღინიშნოს, რომ მე-19 საუკუნეში გოგონებს მენსტრუაცია, დაახლოებით, 17 წლის ასაკში ეწყებოდათ. ის, რომ დღეს ციკლი ბევრად ადრე იწყება, შესაძლოა, ქალების ცხოვრების დონის ამაღლებით იყოს გამოწვეული. ისინი საკმარისად გაძლიერდნენ იმისთვის, რომ ადრე იმშობიარონ და თავიანთ შვილებზე იზრუნონ, - ვარაუდობს ბეტინა გოლკე. ”თუმცა სქესობრივი მომწიფება არ იწყება პირველი მენსტრუაციით, არამედ უფრო ადრე - მკერდის ზრდით”, - აღნიშნავს ის.
სქესობრივ მომწიფებას ბიჭები გოგონებზე ცოტა გვიან, დაახლოებით, თორმეტი წლის ასაკში იწყებენ. ისინი გარკვეულ ეტაპებს გადიან და 13 წლის ასაკში დაწყებული სიმაღლეში ზრდა მხოლოდ რამდენიმე წელს გრძელდება. სწორედ ამ დროს ეცვლებათ ხმის ტემბრიც. უმეტესობისთვის, 15 წლის ასაკში ხდება პირველი ეაკულაცია, სხეულსა და სახეზე თმა იზრდება, საოფლე ჯირკვლები ვითარდება და მომწიფებული სპერმატოზოიდები წარმოიქმნება. ადამიანების უმეტესობისთვის პუბერტატი 16 წლის ასაკში სრულდება. კიდევ რამ იქონია გავლენა იმაზე, რომ გარდატეხის ასაკი უფრო ადრეულ პერიოდში გადავიდა? ამის შესახებ კიდევ ბევრი ვარაუდი არსებობს, მაგრამ ყველა მათგანის დამტკიცება შესაძლებელი არ არის.
ჭარბი წონა ხელს უწყობს ადრეულ პუბერტატს
კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბწონიანი ბავშვები სქესობრივ მომწიფებას უფრო ადრე იწყებენ. ცხიმოვანი ქსოვილი გამოიმუშავებს მეტ ლეპტინს, ჰორმონს, რომელიც ზრდასა და სექსუალურ განვითარებას ირიბად არეგულირებს. როგორც ცნობილია, ეგრეთ წოდებული „ლოქდაუნის“ დროს ბავშვები ნაკლებად მოძრაობდნენ და ამიტომაც წონაში მატება შეინიშნებოდა. შესაძლოა, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს, ჩვეულებრივზე ბევრად მეტ გოგონას დაეწყო ე.წ. „ნაადრევი პუბერტატი“ (pubertas praecox). ამავდროულად, აშკარად შესამჩნევი იყო, რომ გარეგანი სექსუალური მახასიათებლები აღინიშნებოდა ცხრა წლამდე ასაკის გოგონებსა და ათ წლამდე ასაკის ბიჭებში.
„გარდა ამისა, მაშინ ცხოვრების წესი სრულად შეიცვალა. მაგალითად, დღისა და ღამის რიტმი აირია, რის გამოც ბავშვები უზარმაზარ ფსიქოსოციალურ სტრესს განიცდიდნენ და მეტ დროს ატარებდნენ კომპიუტერთან. ლურჯი შუქი კი, როგორც ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ზემოქმედებს ჰორმონებზე”, - განაცხადა ბეტინა გოლკემ, რომელმაც ნაადრევი პუბერტატის ტენდენცია შეისწავლა. თუმცა ახლა, მისი თქმით, სიტუაცია კოვიდ-პანდემიამდე არსებულ დონეს უბრუნდება.
ზემოქმედებს თუ არა ლავანდის ზეთი და სოიო ჰორმონალურ ბალანსზე?
ეთერზეთებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ ჰორმონებზე და შესაბამისად, პუბერტატის დაწყებაზეც. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 65 ეთერზეთი შეიცავს გარკვეულ ნივთიერებებს, რომელთაც ადამიანის უჯრედებზე ჰორმონალური ზემოქმედების უნარი აქვთ. ანალოგიური ეფექტი აქვს სოიოს პროდუქტებს. სოია შეიცავს ე.წ. ფიტოესტროგენებს - ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ესტროგენის ჰორმონების ჯგუფის მსგავსია. მათი გავლენა სქესობრივი მომწიფების დაწყებაზე ჯერ დადასტურებული არ არის. თუმცა ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქალებს, რომელთაც ჩვილობაში სოიოს ცილებით კვებავდნენ, მკვეთრად გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი და უფრო ძლიერი მენსტრუალური ტკივილები აღენიშნებოდათ. ამიტომაც გერმანიის პედიატრიისა და მოზარდთა მედიცინის საზოგადოება გვირჩევს, რომ ჩვილების კვების რაციონში მუდმივ შემადგენელ ნაწილად სოიოს პროდუქტები არ ჩავრთოთ.
მოქმედებს თუ არა ნათესავური კავშირი გარდატეხის ასაკის დაწყებაზე?
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც, როგორც ჩანს, ადრეული პუბერტატის დაწყებაზე ზემოქმედებს, არის დის ან ძმის არსებობა. დანიური კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომელთაც და-ძმა ან ნახევარძმა ჰყავთ, პუბერტატი უფრო გვიან ეწყებათ, ვიდრე - დედისერთებს. ადამიანური ბუნების რა მექანიზმები მოქმედებს ამ შემთხვევაში, მეცნიერებს ამის ახსნა ჯერ არ შეუძლიათ.