რატომ უჭერს მხარს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა გერმანიაში ულტრამემარჯვენეებს?

Pew Research Center-ის მონაცემების თანახმად, გერმანელი კაცების 26%-ი და ქალების 11%-ი ულტრამემარჯვენე პარტიისადმი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (Alternative für Deutschland - AfD) დადებითად არის განწყობილი. მამრობითი სქესის მხარდამჭერების წილი 2022 წლიდან 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ეგზიტპოლმა აჩვენა, რომ AfD-ს მომხრე ახალგაზრდების რაოდენობა (როგორც კაცები, ასევე - ქალები) 16%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 11 პროცენტული პუნქტით მეტია. ეს ხდება ახალგაზრდებში შფოთვის ზოგადი ზრდის ფონზე, რაც გერმანიის თაობათა კვლევის ანალიტიკური ცენტრის ბოლო კვლევის შედეგად გამოვლინდა.
16-დან 25 წლამდე ასაკის 1000 გერმანელიდან, შფოთვის დონე ყველაზე მაღალი იყო მათ შორის, ვინც თავს უკიდურეს მემარჯვენეებთან აიგივებდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა იმ ახალგაზრდებში, ვინც პოლიტიკური სპექტრის ცენტრისტულ ნაწილს ემხრობოდა. ქალები უფრო მეტად გამოხატავდნენ შეშფოთებას როგორც საკუთარ, ისე უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით. მამრობითი სქესის რესპონდენტები ძირითად შეშფოთებულნი იყვნენ კონსერვატიული ღირებულებებით, რომლებიც უფლებებს ნაკლებად ეფუძნება.
BBC-სთან საუბარში თაობათა კვლევის ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელმა, დოქტორმა რუდიგერ მაასმა განაცხადა, რომ მემარცხენე პარტიები ხშირად ფოკუსირდებიან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფემინიზმი, თანასწორობა და ქალთა უფლებები. ”ზოგადად, კაცები საკუთარ თავს ამ თემებში ვერ ხედავენ”, - ამბობს ის. „სწორედ ამიტომ ისინი მიდრეკილნი არიან, რომ მემარჯვენე პარტიებს მისცენ ხმა“, - დასძენს მეცნიერი.
მკაცრად პოპულისტური მემარჯვენე პარტიები წარმატებებს აღწევენ ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა საფრანგეთი, ავსტრია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი და იტალია. „ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები 30-წლამდე ახალგაზრდა კაცების 60%-ი ულტრამემარჯვენეებისთვის ხმის მიცემას განიხილავს. ეს კი ბევრად აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს ქალებში“, - ამბობს თარიქ აბუ-ჩადი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის პროფესორი, რომელიც 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შესწავლის შედეგებს ეყრდნობა.
როგორ ეხმარება სოციალური მედია თავისდაუნებურად ულტრამემარჯვენეებს?
გენდერული, მიგრაციული და ეკონომიკური საკითხების გარდა, სოციალური მედიაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ულტრამემარჯვენე პარტია ტრადიციულ მედიას მტრად თვლის, ამიტომ ის ამომრჩევლებთან ურთიერთობს ისეთი არხებით, როგორიცაა TikTok-ი. AfD მეტად პოპულარულია TikTok-ზე, ვიდრე - სხვა გერმანული პარტიები, - ამბობს მაურიციუს დორნი, რომელიც სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტს წარმოადგენს. აღნიშნულ პლატფორმაზე AfD-ს თავის ოფიციალურ ანგარიშზე 539 000 მიმდევარი ჰყავს, ხოლო სოციალ-დემოკრატებს, რომლებიც ამჟამად უმრავლესობას ფლობენ პარლამენტში - 158,000. გარდა ამისა, არაოფიციალური ფანების მნიშვნელოვანი რაოდენობა ხელს უწყობს პარტიის მთავარი გზავნილების გავრცელებას, - აღნიშნავს დორნი.
მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე 10 ანგარიში შექმნეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მემარჯვენე მომხმარებლები AfD-ს კონტენტს ძალიან დიდი დოზით იღებენ, ხოლო მემარცხენეების შემთხვევაში, შინაარსი პოლიტიკურად უფრო მრავალფეროვანია. TikTok-ის განცხადებით, ის არ „ჰყოფს“ მემარჯვენეებად, მემარცხენეებად ან ცენტრისტებად, არამედ დეზინფორმაციასთან ბრძოლის „წინა ხაზზე“ იმყოფება. დორნი თვლის, რომ სხვა მომხმარებლებმა ძალიან გვიან გააცნობიერეს ასეთი პლატფორმების მნიშვნელობა და ახლა ცდილობენ, AfD-ს დაეწიონ.
არამხოლოდ საპროტესტო ხმის მიცემა
უსაფრთხოების, საზღვრების დაცვისა და მიგრანტებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას, AfD სულ უფრო ხშირად იყენებს სიტყვას „რეემიგრაცია“. ეს პოპულარული ტერმინია ევროპულ უკიდურეს მემარჯვენეებში, რაც არსებითად ემიგრანტების დეპორტაციას ნიშნავს. გერმანელებთან საუბარი ცხადჰყოფს, რომ AfD-ს მხარდაჭერა არ შეიძლება პროტესტის გამოხატვის მარტივ ფორმად ჩაითვალოს მაშინაც კი, თუ ხალხი გულწრფელად იმედგაცრუებულია იმ პარტიებით, რომლებიც დიდი ხანია გერმანიას მართავენ. BBC-ს მიერ გამოკითხულ ახალგაზრდა რესპონდენტებს ნამდვილად სჯერათ, რომ AfD გერმანიას ცვლილებებამდე მიიყვანს.
AfD-სთან კოალიციაში შესვლაზე მანამდე სხვა პარტიები უარს ამბობდნენ, მაგრამ იანვარში სწორედ ამ პარტიის ხმების წყალობით შეძლო პარლამენტმა საიმიგრაციო რეფორმების შესახებ რეზოლუციის მიღება და ეს პირველად მოხდა.
აბუ-ჩადი ვარაუდობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. „როგორც კი უფრო მეტი მეინსტრიმული პარტია იტყვის უარს „ბრანდმაუერზე“ ან სანიტარულ კორდონზე (იკისრონ ვალდებულება, რომ არ შევიდნენ კოალიციაში ან არ ითანამშრომლონ მემარჯვენე პოპულისტებთან), ულტრამემარჯვენე პარტია დაიწყებს მემარჯვენეების შთანთქმას“, - ამბობს ის. „ევროპის ბევრ ქვეყანაში ულტრამემარჯვენეები გახდებიან მთავარი მემარჯვენე პარტიები და ზოგან უკვე არიან კიდეც“, - დასძენს აბუ-დაჩი.
ევროპის მასშტაბით, პარტიები, როგორიცაა AfD, საზოგადოების თვალში საკუთარი თავის ნორმალიზებაზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათ ჯერ კიდევ ექსტრემისტულ ან თუნდაც ანტიდემოკრატიულ ძალად აღიქვამს, „ნორმალიზების“ მცდელობებს, როგორც ჩანს, თავისი ნაყოფი გამოაქვს, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდებში.