ტერიე ჰელანდი - აშშ აღარ არის სანდო პარტნიორი ევროპისთვის, ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის ბრძოლის ველი, საიდანაც ჩვენ ვიწყებთ

მიუნხენის 2025 წლის უსაფრთხოების კონფერენცია იყო გამოსაფხიზლებელი მოწოდება. აშშ აღარ არის სანდო პარტნიორი ევროპისთვის. ჰეგსეტმა უღალატა უკრაინას იმის შეთავაზებით, რომ მან უნდა დათმოს მიწა და უარი თქვას ნატო-ზე, ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა გამოაცხადა, რომ რუსეთი არ არის ევროპის მთავარი საფრთხე. ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის ბრძოლის ველი, საიდანაც ჩვენ ვიწყებთ, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველი ტერიე ჰელანდი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ტერიე ჰელანდი წერს, „ევროპა ზედმეტად დიდხანს რეაგირებდა კრიზისებზე, ნაცვლად იმისა, რომ ეკონტროლებინა ისინი“.
„ახლა, აშშ-ის ჩართულობის შეწყვეტით, ევროპა უნდა გადავიდეს შეტევაზე – ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სტრატეგიულად. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მომავალი. რა არის ყველაზე სწრაფი, ეფექტიანი ნაბიჯი? ევროპის ხელმძღვანელობით გადამწყვეტი გამარჯვება საქართველოში. საქართველო არ არის მხოლოდ პატარა ქვეყანა, ის სტრატეგიული ბრძოლის ველია: ეს არის ფრონტის ხაზი რუსული გავლენის წინააღმდეგ; ევროპისთვის მთავარი ენერგეტიკული დერეფანი; ევროპული სიძლიერის გამოცდა საქართველოში გამარჯვებას ნიშნავს: ქართველების გადარჩენას, პუტინისთვის ზიანის მიყენებას და იმის დამტკიცებას, რომ ევროპას შეუძლია ლიდერობა. როგორ გამოიყურება გამარჯვება საქართველოში? „ქართული ოცნების“ და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ გამანადგურებელი სანქციები; ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც აიძულებს ახალ არჩევნებს; საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერა. ეს იქნება გზავნილი, რომ რუსეთს არ შეუძლია საქართველოს დაკავება და ევროპა არ არის სუსტი“, – წერს ჰელანდი.
ტერიე ჰელანდი ასევე წერს, რომ „დემოკრატიული საქართველოს უზრუნველსაყოფად ევროპამ მასიურად უნდა გაზარდოს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის, ოპოზიციური ხმების, ანტიკორუფციული დამკვირვებლების მხარდაჭერა, რადგან მათ გარეშე სანქციები არ იქნება საკმარისი“.