„ჯემელი“ - რომის პაპების საავადმყოფო, რომელსაც „ვატიკანი III“ უწოდეს

„ჯემელი“ - რომის პაპების საავადმყოფო, რომელსაც „ვატიკანი III“ უწოდეს
რომის საავადმყოფო „ჯემელი“, სადაც პონტიფიკოსი ფრანცისკე ამჟამად ბრონქიტს მკურნალობს, რომის პაპების იმდენად ხშირი სტუმრობის ადგილია, რომ იოანე პავლე II-მ მას მეტსახელად „ვატიკანი III“ უწოდა. 88 წლის ფრენსისკესთვის ეს „ჯემელიში“ რიგით მეოთხე ვიზიტია, 2021 წლის შემდეგ. ის კლინიკაში პარასკევს, 14 თებერვალს მოათავსეს. ფრანსისკეს აქ, 2023 წლის ივნისში, თიაქრის ამოღების ოპერაცია ჩაუტარდა, მანამდე კი იყო რესპირატორული ინფექცია (2023 წლის მარტში) და მსხვილი ნაწლავის ოპერაცია (2021 წლის ივლისში). პოლონური წარმომავლობის რომის პაპი, იოანე პავლე II, რომელიც1978 წლიდან სიკვდილამდე (2005 წელი) კათოლიკური ეკლესიის მეთაური იყო, „ჯემელიში“ ცხრაჯერ მკურნალობდა და რომის ამ უდიდეს საავადმყოფოში სულ 153 დღე გაატარა. მისი თქმით, „N1 ვატიკანი“ წმინდა პეტრეს მოედანზე მდებარეობს, „მეორე ვატიკანი“ კასტელ-განდოლფოს საზაფხულო რეზიდენციაა, ხოლო „ჯემელი“ „ვატიკანი III“-ია.
„ჯემელიში“ იოანე პავლე II-ის ხშირმა და ხანგრძლივმა ვიზიტებმა ვატიკანი აიძულა, ამ საავადმყოფოში მინი-რეზიდენცია მოეწყო. პაპის აპარტამენტი ბოლო სართულზეა და იტალიის და ვატიკანის პოლიციის მიერ დაცული გრძელი დერეფნის ბოლოშია განთავსებული იტალიური მედიის ცნობით, აპარტამენტი თეთრად არის შეღებილი და უბრალოდ არის მოწყობილი. პაპის აპარტამენტის გარდა, აქვეა სამედიცინო პერსონალის შეხვედრების ოთახი, სამზარეულო, სააბაზანო და დასასვენებელი ზონები. ასევე მოწყობილია პატარა სამლოცველო.
პირველად ქანდაკება გესალმებათ
პაპის პალატა 1981 წლის მაისში მოეწყო, როდესაც ახალგაზრდა თურქმა, მეჰმედ ალი აღჩამ იოანე პავლე II წმინდა პეტრეს მოედანზე დაჭრა და „ჯამელიში“ პონტიფიკოსის სასწრაფოდ გადაყვანის აუცილებლობა შეიქმნა. მუცლის ღრუდან ტყვიის ამოღების ოპერაცია თითქმის ექვს საათს გაგრძელდა. პაპი მკლავსა და ხელშიც იყო დაჭრილი, მასზე თავდასხმის დროს ხალხში მყოფი ორი ქალიც დაშავდა. იოანე პავლე II ამ საავადმყოფოში კიდევ რამდენჯერმე დააწვინეს, მაგრამ ბოლოს ვატიკანში, 2005 წლის 2 აპრილს გარდაიცვალა. მისი ქანდაკება დგას საავადმყოფოს შესასვლელთან, რომლის სრული სახელია „აგუსტინო ჯემელის სახელობის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ფონდი“ (Fondazione Policlinico Universitario Agostino Gemelli).
ფრენსისკეს წინამორბედს, პაპ ბენედიქტ XVI-ს „ჯემელის“ სერვისით არასდროს უსარგებლია - ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური განცხადებების მიხედვით ასეა. გერმანელი ღვთისმეტყველი 2013 წელს გადადგა. მან პაპის ტახტი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით დატოვა. ის ვატიკანის ტერიტორიაზე არსებულ მონასტერში ცხოვრობდა და იქ 2022 წლის 31 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაც შეეხება აგოსტინო ჯემელის, ვის სახელსაც საავადმყოფო ატარებს, ის იყო ფრანცისკანელი ბერი და ფსიქოლოგი, რომელიც 1959 წელს მიიცვალა. 1921 წელს მან დააარსა მილანის „წმინდა გულის“ კათოლიკური უნივერსიტეტი, რომელიც ამჟამად ევროპის უდიდეს კათოლიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენს.
„ჯემელის“ საავადმყოფო, რომელიც 1964 წელს გაიხსნა, ამ უნივერსიტეტის ნაწილია.