ტუნისი: 32 მიგრანტი მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც მათ რამდენიმე დღე გაზის პლატფორმაზე გაატარეს

30-ზე მეტი მიგრანტი, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ტუნისის სანაპიროსთან არსებულ გაზის პლატფორმას აფარებდნენ თავს, 4 მარტს სამაშველო გემმა „ავრორამ“ გადაარჩინა.
„კარგი ამბავი: გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ზღვის მეთვალყურის“ გემმა „ავრორამ“ პლატფორმაზე მყოფი მიგრანტების ჯგუფი გადაარჩინა“, - ნათქვამია კომპანია Alarm Phone-ს მიერ ვებ-გვერდ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. აღნიშნულ კომპანიას გააჩნია ცხელ ხაზი, რომელზეც შეუძლიათ დარეკონ მიგრანტებმა, თუ ზღვაში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„მაშინ, როცა ტუნისის სანაპირო დაცვამ მათი გადარჩენა ვერ შეძლო, ევროპულმა ხელისუფლებამ კი ჩარევაზე უარი განაცხადა, სამოქალაქო ფლოტმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ზღვაში სოლიდარობა“, - აღნიშნულია პოსტში.
„ზღვის მეთვალყურის“ იტალიური ფილიალის ინფორმაციით, მცურავ პლატფორმა „მისკარს“ 32 ადამიანი 4 დღის განმავლობაში აფარებდა თავს. „მათ გადარჩენას არავინ აპირებდა, ამიტომ პლატფორმისკენ ჩვენ წავედით“, - ნათქვამია მის განცხადებაში.
მანამდე, რამდენიმე ტუნისურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კომპეტენტურ ორგანოებს მოუწოდა, საქმეში ჩარეულიყვნენ და ადამიანები გადაეჩინათ, ამავე დროს, შეახსენა მათ, რომ „გასაჭირში მყოფთა გადარჩენა ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა“.
გადარჩენილმა მიგრანტებმა Alarm Phone-ს უთხრეს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საკვების გარეშე იყვნენ და მათი მდგომარეობა „კრიტიკული“ იყო. მაშველების მისვლამდე, ერთი მათგანი გარდაიცვალა.
ტუნისის ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.