დიდი ბრიტანეთი: მას შემდეგ, რაც ტრამპმა არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა, ლონდონში აშშ-ს საელჩოს მომიტინგეებმა ნარინჯისფერი საღებავი შეასხეს
ოთხშაბათს, დილით, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა, კლიმატის დაცვის მოძრაობა „უბრალოდ, შეწყვიტე ნავთობის მოხმარება“ („Just Stop Oil“) აქტივისტებმა ლონდონში აშშ-ს საელჩოს ნარინჯისფერი საღებავი შეასხეს.
ამ ჯგუფმა, ბოლო წლებში, დიდ ბრიტანეთში არაერთი მსგავსი აქცია მოაწყო და მთავრობებს მოუწოდა, წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე ახალი ლიცენზიების გაცემა შეწყვიტონ.
ვიდეოს თანმხლებ კომენტარში მოძრაობა აცხადებს: „დღეს დილით მსოფლიომ გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ის კიდევ უფრო გადაიჩეხა ფაშიზმში, ისევე როგორც კლიმატის კოლაფსში. ტრამპის გამარჯვება ყველგან საფრთხეს უქმნის უბრალო ადამიანების სიცოცხლეს“.
„როდესაც ჩვენი დროის ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ნათლად ვხედავთ, რომ პოლიტიკურ სისტემებს, რომელთა მოსყიდვაც დიდი ნავთობით არის შესაძლებელი, არანაირი ფასეულობები არ გააჩნიათ. დღევანდელი არჩევნების ერთადერთი რეალური გამარჯვებული არის კორპორატიული ძალა, რომელიც აკონტროლებს მთავარ პარტიებს როგორც აშშ-ში, ასევე დიდ ბრიტანეთში. ისინი წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის ინტერესებს ჩვეულებრივი ადამიანების კეთილდღეობაზე მაღლა აყენებენ“.
Just Stop Oil-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს პოლიცია, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილე ორ აქტივისტს ესაუბრება. თუმცა, უცნობია, დააკავეს თუ არა ისინი.