ჟანა დ'არკიდან ღვინის სარდაფამდე: ნოტრდამის ტაძართან დაკავშირებული ხუთი გამორჩეული თარიღი

ნოე 10, 2024 - 04:38
 0  1
ჟანა დ'არკიდან ღვინის სარდაფამდე: ნოტრდამის ტაძართან დაკავშირებული ხუთი გამორჩეული თარიღი

ჟანა დ'არკიდან ღვინის სარდაფამდე: ნოტრდამის ტაძართან დაკავშირებული ხუთი გამორჩეული თარიღი

728
300

2019 წლის დამანგრეველი ხანძრის შემდეგ, ერთ თვეში ისევ გაიხსნება ნოტრდამის (იგივე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის) კარები. მანამდე კი, მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი პარიზის ამ ღირსშესანიშნაობის კაშკაშა ისტორიის ხუთ გამორჩეულ თარიღს:

1160 წელი: საძირკვლის ჩაყრა

1160 წელს დაიწყო და თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ დასრულდა. 2023 წელს ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პროექტს პარიზის ამბიციური ეპისკოპოსი, მორის დე სალი ხელმძღვანელობდა. ამ პროექტს რამდენიმე გასაოცარი თავისებურება გააჩნდა, რომელთა შორის არის 32 მეტრი (105 ფუტი) სიღრმის სარდაფები. თუმცა, გოთური შენობის ზოგიერთი სტრუქტურული ელემენტი საუკუნეების შემდეგაც უცნობი რჩება. მაგალითად: „გაურკვეველია, როგორ გაბედეს - და წარმატებასაც მიაღწიეს - მშენებლებმა ასეთი თხელი კედლების ასეთ სიმაღლეზე აყვანა“, - აღნიშნა სააგენტო „ფრანს პრესისთვის“ 2023 წელს მიცემულ ინტერვიუში უნივერსიტეტ „პარიზი 8“-ის არქეოლოგმა, მაქსიმ ლ'ერიტიემ.

1455 წელი: ჟანა დ'არკი

ერესში დადანაშაულების შემდეგ კოცონზე საჯაროდ დამწვარი ჟანა დ'არკის საქმე საფრანგეთში ლეგენდად არის ქცეული. 19 წლის გოგონას დრამატულად დაღუპვიდან 24 წლის შემდეგ, 1455 წელს, ნოტრდამში სასამართლო სხდომა ჩატარდა, რომელზეც მისი საქმე ხელახლა განიხილეს. სასამართლომ დაასკვნა, რომ ერეტიკოსობაში ჟანას დადანაშაულება უსამართლობა იყო, რამაც განაპირობა ახალი სასამართლო პროცესის გამართვა რუანში -ქალაქში, სადაც ჟანა დ'არკი ცეცხლში დაწვეს. 1456 წელს სასიკვდილო განაჩენი ძალადაკარგულად გამოცხადდა, რის შემდეგაც წამებული გოგონა ჯერ საფრანგეთის სახალხო გმირის, ხოლო საუკუნეების შემდეგ - წმინდანის სტატუსამდე ამაღლდა.

XVIII საუკუნის 90-იანი წლები: ყოფილი ღვინის სარდაფი

საფრანგეთის რევოლუციის დროს, ნოტრდამის ტაძარი გაიძარცვა და სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. ანტიკლერიკალური რადიკალები ტაძრის ფასადს შეესივნენ, ბიბლიური ქანდაკებები ჩამოხსნეს და საკათედრო ტაძრის მოედანზე თავები მოჰკვეთეს, რაც მეფე ლუი XVI-ისა და დედოფალ მარია ანტუანეტას გილიოტინაზე სიკვდილით დასჯის სცენას ჰგავდა. XVIII საუკუნის 90-იანი წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, ღვთისმშობლის ტაძარი სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენებოდა, მათ შორის - რევოლუციური არმიისთვის განკუთვნილი ღვინის კასრების შესანახად.

1831 წელი: ვიქტორ ჰიუგოს რომანი

ვიქტორ ჰიუგოს რომანში „კუზიანი ნოტრდამიდან“, რომელიც 1831 წელს გამოქვეყნდა, ბევრი კოლორიტული პერსონაჟია - ბოშა ესმერალდადან დაწყებული და კვაზიმოდოთი დამთავრებული, მაგრამ ნაწარმოებში ცენტრალური ადგილი მაინც პარიზის საკათედრო ტაძარს უკავია. წიგნი ბესტსელერად იქცა და პარიზელებში, ტაძრის უგულებელყოფილი მდგომარეობის გამო, ემოციების ქარიშხალი გამოიწვია. ამ ენთუზიაზმმა ხელი შეუწყო ნოტრდამის აღდგენის ამბიციური პროექტის განხორციელებას, რომელიც, არქიტექტორ ევგენი ვიოლე-ლე-დუკის ხელმძღვანელობით, 1844 წელს დაიწყო. ტაძრის რესტავრაცია 1865 წლამდე გაგრძელდა. პროექტის მიხედვით, აშენდა ახალი შპილი (პირამიდის ან კონუსის ფორმის სვეტი ნაგებობის თავზე - რედ.), რომლის დემონტაჟი რევოლუციის დროს მოხდა.

2019 წელი: ჯოჯოხეთი სენაზე

სწორედ შპილი იყო საკათედრო ტაძრის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც 2019 წლის 15 აპრილს ხანძრის შედეგად ჩამოინგრა. ამ ხანძარმა მთელი მსოფლიო შეძრა. სენის ნაპირზე შეკრებილი ადამიანები შეშინებულები უყურებდნენ, ქვევით ჩამოვარდნილი შპილი როგორ გაანადგურა ცეცხლმა, რომელმაც ცენტრალური კონსტრუქციის ჩამონგრევაც გამოიწვია, ასევე მოსპო საათი და სარდაფის ნაწილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ვერსიებს შორის სახელდება მოკლე ჩართვა ელექტროგაყვანილობაში ან სიგარეტის ნამწვი. 400 მეხანძრე რამდენიმე საათი ცდილობდა ცეცხლთან გამკლავებას; ვიტრაჟების, კოშკების, ზარების და ხელოვნებისა და რელიქვიების უმეტესობა გადარჩა.

განახლებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხელახლა 2024 წლის 8 დეკემბერს გაიხსნება.

728
300