საქართველოში პოლონეთის საელჩომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე გარბენით აღნიშნა

ნოე 10, 2024 - 16:40
 0  3
საქართველოში პოლონეთის საელჩომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე გარბენით აღნიშნა

საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 106 წლისთავი გარბენით აღნიშნა.

ლისის ტბის ტერიტორიაზე ორგანიზებული მასშტაბური შეჯიბრების მონაწილეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო მედლებითა და პოლონური სიმბოლიკებით დამზადებული მაისურებით.

გარბენს არ ჰქონდა ოფიციალური შეჯიბრების სახე. მასში მონაწილეობდნენ საქართველოში მცხოვრები პოლონელები, ქართველები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

სტუმართა შორის იყო ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, რომელიც პოლონელია.

„ჩვენ დღეს აღვნიშნავთ პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოში პოლონეთის საელჩომ არაერთი ადამიანი მოიწვია, მათ შორის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. მოეწყო გარბენი, რომელშიც მე მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ სასეირნოდ მშვენიერი დღეა და ღონისძიებას სიამოვნებით შევუერთდი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან პაველ ჰერჩინსკიმ.

მარიუშ პეტრშაკი, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: „გარბენი უკვე მეორე წელია ტარდება. მას წმინდა სპორტული დატვირთვა არ გააჩნია, ამით ჩვენ პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 106-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ჩვენი სურვილია, ხალხმა იმხიარულოს და დრო კარგად გაატაროს. მთავარია, მონაწილეებმა ერთი წრე მაინც გაირბინონ. დღეს 200-მდე მონაწილე იყო, საქართველოში დასაქმებული, მცხოვრები პოლონელები, ჩვენი მეგობრები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან“.