მარიხუანას მოხმარება მკაფიო კვალს ტოვებს ადამიანის დნმ-ზე — ახალი კვლევა

ნოე 18, 2024 - 22:54
 0  27
მარიხუანას მოხმარება მკაფიო კვალს ტოვებს ადამიანის დნმ-ზე — ახალი კვლევა

კანაფი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ნარკოტიკია მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, მის შესახებ ჯერ მაინც ბევრი რამ არ ვიცით. არც ის, რა ეფექტები აქვს მას თავის ტვინზე, მათ შორის, რატომ იწვევს კანაფი ზოგიერთ მომხმარებელში ფსიქოზს.

728
300

თუმცა, ლონდონის სამეფო კოლეჯისა და ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულ ახალ კვლევას კიდევ უფრო ახლოს მივყავართ იმ ბიოლოგიური ზემოქმედების გაგებასთან, რასაც მაღალი პოტენციალის კანაფის გამოყენება იწვევს.

აღნიშნული კვლევა აჩვენებს, რომ ძლიერი კანაფი მკაფიო კვალს ტოვებს დნმ-ზე. ასევე დადგინდა, რომ დნმ-ის ეს ცვლილება სხვადასხვა იყო ადამიანებში, რომლებმაც უკვე გამოცადეს ფსიქოზის პირველი ეპიზოდი და ადამიანებში, რომლებსაც ფსიქოზი არასოდეს გამოუცდიათ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იმის შესწავლა, როგორ ცვლის კანაფის მოხმარება დნმ-ს, შეიძლება დაგვეხმაროს ფსიქოზის განვითარების ყველაზე მაღალი რისკის მქონეთა გამოვლენაში.

THC (დელტა-9_ტეტრაჰიდროკანაბინოლი), კანაფის ის მთავარი ინგრედიენტია, რომელიც ადამიანებს თავს „ამაღლებულად“ აგრძნობინებს. აშშ-სა და ბრიტანეთში მისი რაოდენობა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული იზრდება. მაგალითად, კოლორადოს შტატში, სადაც მარიხუანა ლეგალურია, შესაძლებელია 90-პროცენტიანი THC-ის მქონე კანაფის შეძენა.

მიუხედავად იმისა, რომ THC მხოლოდ ერთ-ერთია კანაფის მცენარეში შემავალ 144-ზე მეტ სხვა ქიმიურ ნივთიერებას შორის, ძირითადად სწორედ ის გამოიყენება კანაფის სიძლიერის შესაფასებლად.

მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია THC-ის კონცენტრაცია, მით უფრო მაღალია ეფექტები მომხმარებელზე. მაგალითად, კვლევით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ძლიერ კანაფს (10% და მეტი THC) ყოველდღიურად იყენებენ, ფსიქოზური აშლილობის განვითარების ხუთჯერ დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ისინი, ვინც კანაფს არასოდეს მოიხმარს.

ძლიერი კანაფის ყოველდღიურ მოხმარებასთან დაკავშირებული ფსიქოზური აშლილობა ხშირად სიმპტომების მთელი სპექტრით გამოიხატება. მათ შორის არის სმენითი ჰალუცინაციები (ესმით ხმები, რომლებიც სხვებს არ ესმით), დევნის მოჩვენება (კონსპირაციების სამიზნედ გრძნობა მტკიცებულების გარეშე) და პარანოია (გარემოს მტრულად აღქმა და ურთიერთობების საეჭვოდ ინტრეპრეტირება). ეს ყველაფერი ძლიერ შემაშფოთებელი გამოცდილებაა.

კვლევის მიზანი იყო შეესწავლა ის კვალი, რასაც ამჟამინდელი კანაფი ტოვებს დნმ-ზე. მკვლევრებს ასევე სურდათ გაეგოთ, დამახასიათებელია თუ არა ეს კვალი მხოლოდ ძლიერი კანაფისთვის და შეიძლება თუ არა, რომ ეს დაგვეხმაროს იმ მომხმარებელთა გამოვლენაში, რომლებიც ფსიქოზის განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან.

ამისათვის, მკვლევრებმა შეისწავლეს კანაფის მოხმარების ეფექტები მოლეკულურ პროცესზე, რომელსაც დნმ-ის მეთილირებას უწოდებენ. დნმ-ის მეთილირება არის ქიმიური პროცესი, რომელიც გენების აქტივობას არეგულირებს; ამისათვის ის ახდენს გენების ჩართვა-გამორთვას და აკონტროლებს, როგორ არის გამოხატული გენები თავად დნმ-ის სტრუქტურის ცვლილების გარეშე.

დნმ-ის მეთილირება მხოლოდ ერთი მექანიზმია გენების აქტივობის მარეგულირებელ სხვა მრავალ მექანიზმს შორის და მიეკუთვნება მნიშვნელოვან ბიოლოგიურ პროცესს, რომელსაც ეპიგენეტიკას უწოდებენ. ეპიგენეტიკა ეფუძნება ურთიერთქმედებას ჩვენს გარემოს შორის, ჩვენ მიერ არჩეულ ცხოვრების სტილს (მაგალითად, კანაფის მოხმარებას ან ვარჯიშს) და ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.

მიუხედავად იმისა, რომ წინა კვლევებში შესწავლილია მთელი ცხოვრების განმავლობაში კანაფის მოხმარების გავლენა დნმ-ის მეთილირებაზე, ამ კვლევებში არ შეუსწავლიათ, რა გავლენა აქვს ამ პროცესზე სხვადასხვა სიძლიერის კანაფის რეგულარულ მოხმარებას. არც ის შეუსწავლიათ, რა გავლენას ახდენს ეს ფსიქოზის მქონე ადამიანებზე.

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა გააერთიანეს ორი დიდი, პირველი შემთხვევის კვლევა — გენეტიკური და ფსიქოზის კვლევა, რომელიც სამხრეთ ლონდონში ჩატარდა; და EU-GEI კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადამიანები ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და ბრაზილიიდან. ორივე კვლევაში შეგროვებული იყო მონაცემები ადამიანთა მიერ ფსიქოზის პირველი ეპიზოდის გამოცდის შესახებ და მონაწილეთა შესახებ, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდათ და წარმოადგენდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.

საერთო ჯამში, შეისწავლეს ფსიქოზის პირველი ეპიზოდის მქონე 239 და 443 ჯანმრთელი მონაწილის მონაცემი. მონაწილეთა დაახლოებით 65 პროცენტი კაცი იყო. მონაწილეების ასაკი 16-72 წლებს შორის მერყეობდა. ყველა მონაწილემ გადმოსცა ინფორმაცია მათ მიერ კანაფის მოხმარების შესახებ. ასევე აიღეს დნმ-ის ნიმუშები მათ სისხლში.

მონაწილეთა დაახლოებით 38 პროცენტი კანაფს კვირაში ერთზე მეტჯერ მოიხმარდა. მომხმარებელთა შორის უმეტესი ძლიერ კანაფს იყენებდა კვირაში ერთზე მეტჯერ და მოხმარება 16 წლის ასაკში ჰქონდათ დაწყებული.

ამის შემდეგ, დნმ-ის მეთილირების ანალიზები მთლიანი გენომის სხვადასხვა ნაწილში ჩატარდა. ანალიზებისას მხედველობაში მიიღეს პოტენციური გავლენა იმ რამდენიმე ბიოლოგიურ და გარემოებით დამაბნეველზე, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს შედეგებზე — მათ შორის ასაკი, გენდერი, ეთნიკურობა, თამბაქოს მოწევა და უჯრედული შემადგენლობა სისხლის თითოეულ ნიმუშში.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ძლიერი კანაფის მოხმარება დნმ-ის მეთილირებას ცვლის — განსაკუთრებით გენებში, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიასთან და იმუნური სისტემის ფუნქციებთან. თუმცა, ფსიქოზის გამოცდილების მქონე ადამიანებს დნმ-ში ცვლილების სხვანაირი ხელწერა ჰქონდათ.

ეს ეპიგენეტიკური ცვლილებები აჩვენებს, როგორ ცვლის გარე ფაქტორები (მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარება) გენების მუშაობას. ძლიერ მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები ვერ აიხსნებოდა თამბაქოთი, რომელსაც კანაფის მრავალი მომხმარებელი ურევს ე. წ. ჯოინთში და ამას დნმ-ის მეთილირების ცვლილებას უწოდებენ.

შედეგები ასევე წარმოაჩენს ეპიგენეტიკურ ცვლილებებს, როგორც პოტენციურ კავშირს ძლიერ კანაფსა და ფსიქოზს შორის. დნმ-ის მეთილირება, რომელიც ავსებს ნაპრალებს გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს შორის — საკვანძო მექანიზმია, რომელიც გარე გავლენებს (მაგალითად, ნივთიერების მოხმარებას) გენების აქტივობაზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს.

ეპიგენეტიკურ ცვლილებათა შესწავლით, მეცნიერებმა შესაძლოა უკეთესად გაიგონ, როგორ ზემოქმედებს კანაფის მოხმარება, განსაკუთრებით კი მისი ძლიერი ტიპების, ბიოლოგიურ გზებზე. ამან კი თავის მხრივ შეიძლება გვითხრას, რატომ არის კანაფის ზოგიერთი მომხმარებელი ფსიქოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მათი ნაშრომი მეცნიერებს დაეხმარება, რათა უკეთესად შეისწავლონ კანაფის მოხმარების გავლენა სხეულის ბიოლოგიაზე.

კვლევა ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

728
300