გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას - სამ თვეში რუსეთი აწარმოებს იმდენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რამდენსაც მთელი ევროკავშირი ერთ წელიწადში

ნოე 24, 2024 - 15:44
 0  0
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას - სამ თვეში რუსეთი აწარმოებს იმდენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რამდენსაც მთელი ევროკავშირი ერთ წელიწადში

ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა არნსბერგში ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი უკვე აღარ არის რეგიონული.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, კრემლის მეთაური ვლადიმირ პუტინი „უკვე დიდი ხანია, სრულად გადავიდა სამხედრო ეკონომიკაზე“.

„სამ თვეში რუსეთი აწარმოებს იმდენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რამდენსაც მთელი ევროკავშირი აწარმოებს ერთ წელიწადში“, – თქვა პისტორიუსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლოს თავის გამოსვლაში პუტინი საუბრობდა „სერიოზულ, შეურიგებელ ბრძოლაზე ახალი მსოფლიო წესრიგისთვის“.

პისტორიუსის თქმით, პუტინი უკვე მიიჩნევს თავს უკრაინელების წინააღმდეგ ომში გამარჯვებულად. ამავდროულად კი, დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების გამოყენებით, ჰიბრიდული ომი სრული სვლით მიმდინარეობს.

„ჩვენი უსაფრთხოება მყიფეა“, – განაცხადა მან.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბერლინმა უნდა დააჩქაროს ტემპი და მეტი ინვესტიცია ჩადოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მთავრობა წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს თავდაცვითი მრეწველობის განვითარების ახალ სტრატეგიას, რომლის მიზანია ბიუროკრატიის შემცირება და შეიარაღების წარმოების დაჩქარება. თავად პისტორიუსმა სექტემბერში განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, გახდეს რუსეთის აგრესიის შეკავების მთავარი საყრდენი ევროპაში.