ჯეიმს ვებმა სომბრეროს გალაქტიკას ახალი ფოტოები გადაუღო

ნოე 27, 2024 - 15:19
 0  77
ჯეიმს ვებმა სომბრეროს გალაქტიკას ახალი ფოტოები გადაუღო

NGC 4594 ფრიად უცნაური გალაქტიკაა. ის 1781 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა პიერ მეშენმა. გამორჩეულია იმით, რომ გალაქტიკის ხილულ ჰალოს გარს აკრავს მტვრის სიმეტრიული რგოლი.

728
300

2003 წელს გადაღებულ ფოტოზე მტვრის ეს რგოლი დეტალურად მოჩანს და გალაქტიკა დიდი ქუდის კიდეებს წააგავს. სწორედ ამიტომ უწოდებენ NGC 4594-ს სომბრეროს გალაქტიკას.

საოცრად მკაფიო სურათი გალაქტიკას ამჯერად ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაუღო; ფოტომ გარკვეული სიურპრიზებიც გამოააშკარავა.

მართალია, ჰაბლის მიერ გადაღებული ფოტოც საოცარია, მაგრამ ის მხოლოდ ოპტიკური სპექტრით შემოიფარგლება. ჰაბლის სურათზე მტვრის სქელი რგოლი გალაქტიკაში არსებულ ვარსკვლავებს ფარავს, მის შუაგულში მოთავსებული აქტიური შავი ხვრელის სიკაშკაშე კი ცენტრის დეტალებს ჩრდილავს.

გამომდინარე იქიდან, რაც გალაქტიკებისა და ვარსკვლავების წარმოქმნის შესახებ ვიცით, მიიჩნეოდა, რომ მტვრის დისკო მალავდა ვარსკვლავთა ინკუბატორებს, სადაც ახალი ვარსკვლავები იბადებიან. ასევე, სხვა გალაქტიკათა მსგავსად, ცენტრალურ რეგიონს უნდა ჰქონოდა ვარსკვლავებისგან შემდგარი ამოზნექილობა.

სომბრეროს გალაქტიკა

თუმცა, ჯეიმს ვების ფოტოები სულ სხვანაირ ამბავს ჰყვება.

სურათი ჯეიმს ვების ინსტრუმენტმა MIRI-მ გადაიღო, რომელსაც გალაქტიკის მტვრის მიღმა გახედვა შეუძლია. ფოტომ გამოააშკარავა გალაქტიკაში არსებული თბილი მოლეკულური გაზის გროვები, მაგრამ მოულოდნელად ცოტა ახალგაზრდა ვარსკვლავი.

როგორც ჩანს, მტვრის რგოლი ვარსკვლავთწარმოქმნის მნიშვნელოვანი წყარო არ არის. ფოტომ ასევე დაგვანახა გალაქტიკის ცენტრალური რეგიონი.ვარსკვლავა ჰალოს ნაცვლად, ცენტრალურ შავ ხვრელს გარს აკრავს ბრტყელი დისკო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ცენტრალური შავი ხვრელი აქტიურია, წარმოადგენს დაბალი სიკაშკაშის გალაქტიკურ ბირთვს, რაც ასევე მოულოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ სხვა აქტიურ გალაქტიკურ ბირთვთა მსგავსად წარმოქმნის პლაზმის ჭავლებს (ჯეტებს).

სომბრეროს გალაქტიკა

საერთო ჯამში, სომბრეროს გალაქტიკა იმაზე გაცილებით უჩვეულოა, ვიდრე გვეგონა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯეიმს ვების ჯერ მხოლოდ პირველი დეტალური ფოტოა, უკვე გვპირდება უამრავ სხვა ახალ მონაცემს.

სამომავლო დაკვირვებები სავარაუდოდ ფოკუსირებული იქნება ამ გალაქტიკის სფეროსებრ ვარსკვლავთგროვებზე. სომბრეროს გალაქტიკაში დაახლოებით 2000 სფერული გროვაა, რაც უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია ამ ზომის გალაქტიკისთვის. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ განსხვავდება NGC 4594 ასე ძალიან სხვა გალაქტიკებისგან.

სომბრეროს გალაქტიკის უფრო მეტი ფოტო შეგიძლიათ იხილოთ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ვებგვერდზე.

მომზადებულია webbtelescope.org-ის მიხედვით.

728
300