26 ნოემბერს, „ქართული თეატრი ათენში“ ტერენტი გრანელის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა
2023 წლის 26 ნოემბერს, ბერძნულ-ქართული კულტურის ასოციაცია „არმაზთან“ არსებული თეატრის „ქართული თეატრი ათენში“ სივრცეში, ცნობილი ქართველი პოეტის ტერენტი გრანელის შემოქმედებითი საღამო ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ ათენის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს საელჩოს კონსული, გელა ჯაფარიძე.
საღამოზე თეატრის მსახიობებმა წაიკითხეს ტერენტი გრანელის ლექსები, ისაუბრეს პოეტის ბიოგრაფიულ დეტალებზე და მის მდიდარ შემოქმედებაზე. ღონისძიების ფარგლებში ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრის „კავკასია“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლის წევრებმა ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულეს.
საღამოს დასასრულს, გელა ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ქართული დიასპორისთვის მსგავსი ღონისძიებების გამართვისა და მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ემიგრანტთა ახალგაზრდა თაობაში ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას.