საბერძნეთში მცხოვრები იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობის სექტორში არიან დაზღვეულნი და სამი ან მეტი შვილი ჰყავთ, მნიშვნელოვანი სიახლეა. OPEKA (საბერძნეთის სოციალური დახმარებებისა და სოციალური სოლიდარობის ორგანიზაცია) აცხადებს, რომ LAE/OPEKA (სოფლის მეურნეობის მუშაკთა სოციალური დახმარების ანგარიში / OPEKA) ფინანსური დახმარებისა და ჯილდოების პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმატებით დასრულდა.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ფინანსურ მხარდაჭერას სამშვილიანი და მრავალშვილიანი დედებისთვის, ასევე იმ მარტოხელა მამებისთვის, რომლებსაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ და LAE (სოფლის მეურნეობის მუშაკთა სოციალური დახმარების ანგარიში) სისტემაში არიან რეგისტრირებულნი. განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადა 22 ივლისამდე იყო გაგრძელებული.
ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, ბენეფიციარებისთვის თანხების პირველი ჩარიცხვა სამშაბათს, 28 ივლისს განხორციელდება.
შეახსენებთ საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ აღნიშნული სოციალური დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საბერძნეთის კანონმდებლობითა და LAE/OPEKA-ს მიერ დადგენილ კონკრეტულ კრიტერიუმებსა და სადაზღვევო პირობებს.
წყარო: OPEKA — საბერძნეთის სოციალური დახმარებებისა და სოციალური სოლიდარობის ორგანიზაცია
