„ნაპოლისთან“ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა - კვარაცხელიას ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს

ნოე 7, 2024 - 17:24
 0  3
„ნაპოლისთან“ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა - კვარაცხელიას ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს

„ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერს, მამუჯა ჯუღელს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა – იუწყება იტალიური გამოცემა Calciomercato.

„ქართველი „ნაპოლის“ საკვანძო თავდამსხმელია და მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლით სერია A-ს ლიდერის საუკეთესო ბომბარდირია. თუმცა იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი წელიწადში მხოლოდ 1,3 მილიონ ევროს იღებს. ხელფასის გაზრდა ნეაპოლელები არ ჩქარობენ, რადგან ქართველ გარემარბს კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს.

მოლაპარაკებები ახლა ჩიხშია შესული. ეს იმის გამო ხდება, რომ „ნაპოლი“ წლიურ ხელფასს 5 მილიონ ევროს სთავაზობს, ფეხბურთელის მხარე კი 8 მილიონ ევროს ითხოვს. მიუხედავად მრავალი შეხვედრისა, საერთო ენა მაინც ვერ მოიძებნა და მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, შესაძლოა, უკვე გადამწყვეტი იყოს.

თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დი ლაურენტისმა უკვე თქვა და მიანიშნა, რომ ქართველის გაყიდვა ტრაგედია არ იქნება და „ნაპოლი“ „ამ პრობლემას გადალახავს. თუმცა დე ლაურენტისი მომავალ წელს ქართველს მხოლოდ გამორჩეული შეთავაზების შემთხვევაში გაუშვებს“, – წერს იტალიური გამოცემა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნაპოლის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს შეთავაზებას ამზადებს – ამას უკვე ესპანური გამოცემა Fichajes-ი იტყობინება.

„„მანჩესტერ იუნაიტედს” მომავალ ზაფხულში შეტევის გაძლიერება სურს, ახალ თავდამსხმელებს ეძებს და, გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის პრიორიტეტულ სამიზნედ კვარაცხელია აირჩიეს, რომლითაც ევროპის სხვა ტოპკლუბებიც დაინტერესდნენ. საამისოდ კი ინგლისელები მზად არიან, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ჩაერთონ და 90 მილიონი ევრო გადაიხადონ. „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ კი კვარაცხელია გააფრთხილა, რომ ახალ კონტრაქტზე გადაწყვეტილება მალე უნდა მიიღოს“, – წერს Fichajes-ი.