მელიქიშვილზე მიმდინარე აქციიდან პოლიციამ რამდენიმე პირი განარიდა
მელიქიშვილზე მიმდინარე აქციიდან პოლიციამ რამდენიმე პირი განარიდა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეებს 15-წუთიანი ვადა მისცეს, რომ ტერიტორია გაეთავისუფლებინათ. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს ქუჩა ისევ გადაკეტილი აქვთ.
არსებული ინფორმაციით, აქციაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დამხარების ბრიგადამ ის სავარაუდოდ კლინიკაში გადაიყვანა.
გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
ვარაზისხევში რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმა კარვების გაშლა კვირას გვიან ღამით დაიწყეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვარაზისხევი, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირი, ასევე კეკელიძის ქუჩა გადაკეტეს და 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დააანონსეს. თსუ-ის მიმდებარედ, ცენტრალურ სავალ გზაზე კი კარვები გაშალეს - სულ, დაახლოებით, 30-მდე კარავი.