ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ
ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს იმ ტერიტორიის დასუფთავება, საიდანაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვები და ავტომობილები გაიტანეს.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
ვარაზისხევში რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმა კარვების გაშლა კვირას გვიან ღამით დაიწყეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვარაზისხევი, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირი, ასევე კეკელიძის ქუჩა გადაკეტეს და 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დააანონსეს. თსუ-ის მიმდებარედ, ცენტრალურ სავალ გზაზე კი კარვები გაშალეს - სულ, დაახლოებით, 30-მდე კარავი.