სამართალდამცველებს ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები და ის ტრანსპორტი გააქვთ, რომლითაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი
სამართალდამცველებს ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები და ის ტრანსპორტი გააქვთ, რომლითაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი. მანქანები ტერიტორიიდან ევაკუატორების მეშვეობით გაჰყავთ.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
ვარაზისხევში რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმა კარვების გაშლა კვირას გვიან ღამით დაიწყეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვარაზისხევი, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირი, ასევე კეკელიძის ქუჩა გადაკეტეს და 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დააანონსეს. თსუ-ის მიმდებარედ, ცენტრალურ სავალ გზაზე კი კარვები გაშალეს - სულ, დაახლოებით, 30-მდე კარავი.