თურქეთის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ ანკარამ მიიღო შეთავაზება, გახდეს „ბრიქსის“ პარტნიორი ქვეყანა

ნოე 13, 2024 - 16:01
 0  20
თურქეთის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ ანკარამ მიიღო შეთავაზება, გახდეს „ბრიქსის“ პარტნიორი ქვეყანა

თურქეთმა მიიღო შეთავაზება, გახდეს „ბრიქსის“ პარტნიორი ქვეყანა, – ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, ომერ ბოლატმა განაცხადა.

თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ეს გარდამავალი პროცესია და ასოციაციაში გაწევრიანება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ქვეყანას, რადგან საშუალებას მისცემს, ითანამშრომლოს ყველა უმნიშვნელოვანეს გლობალურ პლატფორმასთან.

„2025 წელს ვარდებით სავსე ბაღი არ გველოდება, ეკლებითა და ნაღმებით სავსე ტერიტორიაზე გავივლით“, – განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა.

გასულ თვეში რუსეთის ქალაქ ყაზანში ჩატარებული „ბრიქსის“ სამიტის შემდეგ, რამდენიმე მედიასაშუალებამ დაწერა, რომ ორგანიზაციაში თურქეთის გაწევრიანება ინდოეთმა დაბლოკა.

როგორც ნოემბრის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, მოსკოვი მიესალმება თურქეთის ინტერესს „ბრიქსთან“ დაახლოების შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილება ასოციაციის მუშაობაში ანკარის მონაწილეობის პარამეტრებზე, სხვა საკითხებთან ერთად, მიიღება მისი წევრების კონსენსუსის საფუძველზე. ლავროვის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს „ბრიქსის“ კავშირების გაფართოებას პირველ რიგში მათთან, ვინც მხარს უჭერს მულტილატერალიზმს, ატარებს სუვერენულ საგარეო პოლიტიკას და არ უერთდება ცალმხრივ სანქციებს.

2024 წლის დასაწყისიდან „ბრიქსს“ შეუერთდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.