„ის ჩვენებურია“: სლოვენიელები მელანია ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას მიესალმებიან
„ის ჩვენებურია“: სლოვენიელები მელანია ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას მიესალმებიან
სლოვენიის ქალაქ სევნიცაში, სადაც ნამცხვრები და შოკოლადები მელანია ტრამპის სახელს ატარებენ, ოთხშაბათს, 6 ნოემბერს, ადილობრივი მოსახლეობა თეთრ სახლში პირველი ლედის სტატუსით მის (მელანია ტრამპის) დაბრუნებას მიესალმა. „მოხარული ვარ. ის ხომ ჩვენებურია“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ 68 წლის პენსიონერმა, ირინა მავრიჩმა, რომელმაც არც ის დამალა, რომ ნაკლები ენთუზიაზმით არის განმსჭვალული მისი ქმრის პოლიტიკით და მიანიშნა, რომ „ამერიკელების არჩევანს“ არ იზიარებს. დონალდ ტრამპმა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც თეთრ სახლში საოცარი დაბრუნებისკენ მიმავალ გზაზე კამალა ჰარისი დაამარცხა. „მე ვამაყობ და კმაყოფილი ვარ... მჯერა, რომ ის (მელანია ტრამპი) თავის მოვალეობებს, როგორც პირველი მანდატის დროს, კვლავ პასუხისმგებლობით და უნაკლოდ შეასრულებს“, - აღნიშნა „ფრანს პრესთან“ საუბრისას სევნიცას მერმა, სრეჩკო ოკვირკმა.
ისე მოხდა, რომ სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანას აღმოსავლეთით 90 კილომეტრში მდებარე 4 500 კაციან სევნიცაში, ოთხშაბათს, 6 ნოემბერს, ქალაქის დღესასწაული გაიმართა და ხალხი მის წყნარ ქუჩებში შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის გამარჯვების პატივსაცემად განსაკუთრებული არაფერი იყო დაგეგმილი, ამის შესახებ მთელ ქალაქში საუბრობდნენ. ოკვირკის თქმით, განსაკუთრებით იმით ამაყობს, რომ მელანიასგან შეძენილი ტრამპის ვაჟი, ბარონი, სლოვენურად საუბრობს. სევნიცას მერი იმედოვნებს, რომ მელანია ტრამპი შეძლებს, მშობლიურ ქალაქს ეწვიოს, რისი მოლოდინიც ბევრს ჯერ კიდევ 2017 წლიდან, ტრამპის პირველი ოთხწლიანი მანდატის დროს ჰქონდა.
„მისაბაძი მოდელი“
არჩვენებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ადგილობრივი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მისი დიდებით ისარგებლებენ. მათ უკვე გამოუშვეს სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის ღვინო, შოკოლადი და სანდალი, რომლებიც მელანია ტრამპის სახელს ატარებს ან მასთან ასოცირდება. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე მათგანი აღმოჩნდა ისეთივე წარმატებული, როგორც მელანიას ტორტი, რომელიც მის პატივსაცემად 2016 წელს შეიქმნა. „მელანიას ტორტი დღესაც ისეთივე პოპულარულია, როგორც მაშინ, როცა ის პირველად გახდა პირველი ლედი“, - განუცხადა „ფრანს პრესს“ საცხობ „იულიას“ 19 წლის თანამშრომელმა, ტიასა ანა შტრუცელმა. „ტორტი „მელანია“ სევნიცაში საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმად მიიჩნევა და თითქმის იგივე ითქმის ნამცხვარზე, რომელიც საუკეთესო ინგრედიენტებისგან მზადდება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მელანია ტრამპმა ის უკვე დააგემოვნა.
მელანია 1970 წელს დაიბადა და გათხოვებამდე კნავსის გვარს ატარებდა. სევნიცა მან მოზარდობის ასაკში დატოვა და საერთაშორისო სამოდელო კარიერა აიწყო, რომელმაც ის, საბოლოოდ, ნიუ იორკში ჩაიყვანა. 2005 წელს მელანია ტრამპის მესამე ცოლი გახდა. ერთი წლის შემდეგ, მან აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო და იშვიათად ჩადიოდა სლოვენიაში, სადაც, ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი მშობლები დღემდე ფლობენ სახლს სევნიცაში, ძირითადად კი შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. 18 წლის სტუდენტი, იდა გუსტინი ირწმუნება, რომ მელანია ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება მისთვის „არაფერს ნიშნავს“. „ის დიდი ხანია წავიდა და მის ჩამოსვლას აღარ ველოდები“, - განუცხადა მან „ფრანს პრესს“.
ოკვირკი კი ოპტიმიზმს არ კარგავს და მიიჩნევს, რომ მელანია ტრამპის წარმატება მთელ სლოვენიას - ევროკავშირის წევრ პატარა ალპურ სახელმწიფოს, სადაც დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს - იმედით აღავსებს. „სლოვენიის ჩვეულებრივი ქალაქიდან წასულმა მელანიამ შეერთებული შტატებში მწვერვალს მიაღწია. ამან იმედი უნდა ჩაუნერგოს ახალგაზრდებს, რომ თუ ისინი მოინდომებენ, ოცნებებს აუცილებლად აისრულებენ“, - ამბობს ვარსკვლავთვალება ოკვირკი.