შვეიცარია: სახის დაფარვის აკრძალვა 2025 წლიდან ამოქმედდება

ნოე 8, 2024 - 13:02
 0  1
შვეიცარია: სახის დაფარვის აკრძალვა 2025 წლიდან ამოქმედდება

2025 წლის 1 იანვრიდან შვეიცარიაში, საზოგადოებრივ ადგილებში, სახის დაფარვა აიკრძალება. ამ აკრძალვის დამრღვევს შეიძლება 1 000 შვეიცარიულ ფრანკამდე (დაახლოებით 1 143 აშშ დოლარი) ჯარიმის გადახდა დაეკისროს.

6 ნოემბერს შვეიცარიის მთავრობამ 2025 წლიდან ახალი რეგულაციის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ის შეეხება ბურკას ტარებასთან დაკავშირებულ საკამათო ინიციატივას, რომელიც შვეიცარიელ ამომრჩეველთა 51,2-მა პროცენტმა 2021 წლის მარტში მოიწონა.

ახალი კონსტიტუციური მუხლი აისახება ფედერალურ კანონში, რომელიც სახის დაფარვას კრძალავს. ბიუროკრატიის მინიმიზაციის მიზნით, დარღვევები ადმინისტრაციული ჯარიმის პროცედურის ფარგლებში განიხილება. ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 100 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს და მისი გადახდა უშუალოდ დარღვევის ადგილზე იქნება შესაძლებელი. თუმცა, მათ მიმართ, ვინც ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდაზე უარს იტყვის, გამოიყენებენ ჩვეულებრივ პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმალურ ჯარიმას, 1000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით.

სახის დაფარვის აკრძალვა არ ვრცელდება თვითმფრინავებზე, ასევე დიპლომატიურ და საკონსულო შენობებზე. სახის გამოჩენა დასაშვებია საკულტო და წმინდა ადგილებშიც. გარდა ამისა, სახის დაფარვა ნებადართულია ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოების, ამინდის პირობებისა და ადგილობრივი შვეიცარიული წეს-ჩვეულებების შემთხვევებშიც. ის ასევე დაშვებულია მხატვრული და გასართობი წარმოდგენების დროს და სარეკლამო მიზნებისთვის.

გამონაკლის შემთხვევებში, სახის დაფარვა საჯარო ადგილებში შეიძლება დაშვებული იყოს, თუ ეს აუცილებელია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებისთვის იმ პირობით, რომ პასუხისმგებელი ორგანო მათ წინასწარ დაამტკიცებს და საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არ დადგება.