პომპეიში განმარხებულ ადამიანთა დნმ-ის კვლევა თავდაყირა აყენებს ბევრ წარმოდგენას უძველესი ქალაქის შესახებ

ნოე 9, 2024 - 10:54
 0  4
პომპეიში განმარხებულ ადამიანთა დნმ-ის კვლევა თავდაყირა აყენებს ბევრ წარმოდგენას უძველესი ქალაქის შესახებ

ახალი წელთაღრიცხვის 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ქალაქ პომპეის განადგურება ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღწერილი კატასტროფაა კაცობრიობის ისტორიაში. წვიმასავით წამოსულმა ფერფლმა და პემზამ მომაკვდავ ადამიანთა კვალი საუკეთესოდ შემოინახა. ისინი დროში გაიყინნენ იქვე, სადაც დაეცნენ და ეს ფაქტი ამ ხალხის ვინაობისა და ურთიერთობების დადგენის საშუალებას გვაძლევს.

თუმცა, ჩვენ, ადამიანები, არასრულყოფილნი ვართ. ვიმყოფებით სამყაროში, რომელიც სავსეა მოლოდინებითა და მიკერძოებებით, რაც ჩვენს დაკვირვებებს ბინდავს, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ობიექტურობის დაცვა. პომპეიში დაღუპულ ადამიანთა დნმ-ის ახალი ანალიზები ცხადყოფს, რომ მცდარი იყო ჩვენი შეხედულებები მათ შესახებ. ეს აღმოჩენა წარმოდგენას გვიქმნის პომპეის ხმაურიანი ცხოვრების შესახებ, ვიდრე მას ვულკანი სამუდამოდ ჩააქრობდა.

„ჩვენ მიერ მიღებული სამეცნიერო მონაცემები ყოველთვის არ შეესაბამება ზოგად ვარაუდებს. მაგალითად, ერთი გამორჩეული აღმოჩენაა ადამიანი, რომელსაც ოქროს სამაჯური უკეთია და თან ბავშვი უჭირავს; ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ ისინი დედა-შვილი იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი კაცი და ბავშვი იყვნენ და ერთმანეთთან არანაირი ნათესაობა არ აკავშირებდათ. ასევე, ორი ინდივიდიდან, რომლებიც დებად ან დედად და ქალიშვილად მიიჩნეოდნენ, ერთი მამაკაცი აღმოჩნდა. ეს აღმოჩენები ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ ვარაუდებს გენდერისა და ოჯახის შესახებ“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის გენეტიკოსი დევიდ რაიხი.

ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ პომპეიში ჩაღვრილმა ვულკანურმა მასალებმა ხორხის განმარხება გამოიწვია. ამ მასალებმა მკვდარი და მომაკვდავი ადამიანები ადგილზე გააქვავა. დროთა განმავლობაში, როცა სხეულები გაიხრწნა, ვულკანურ ფერფლში მათ ადგილას ანაბეჭდიანი სიღრუეები დარჩა.

პომპეის ნანგრევები მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს. 1870-იან წლებში, სიღრუეები თაბაშირით ამოავსეს, რათა მათი წარმომქმნელი სხეულების ფიგურები მიეღოთ. თუმცა, მხოლოდ სხეულის ფორმები როდი შემოინახა. თაბაშირში აღმოჩნდა დარჩენილი ძვლებიც.

არქეოლოგებს, რომლებმაც მე-19 საუკუნეში ეს ფიგურები გააკეთეს, დღევანდელი ტექნოლოგიები არ ჰქონდათ; მას შემდეგ 150 წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. ფიგურებში შემონახულია ვულკანის მსხვერპლთა გენეტიკური მასალები, რაც ამ რომაული ქალაქის ცხოვრების დეტალების გარკვევაში გვეხმარება.

ანალიზები ფლორენციის უნივერსიტეტის არქეოლოგის, ელენა პილის ჯგუფმა თაბაშირის 14 ფიგურიდან აღებული ჩონჩხების ფრაგმენტებზე ჩაატარა; ნიმუშები ამჟამად რესტავრაციის ქვეშ მყოფ 86 ფიგურას შორის შეარჩიეს. ამოცანა სულაც არაა მარტივი.

„ვულკანური ამოფრქვევის უზარმაზარმა სიცხემ და თაბაშირის გაქვავების პროცესმა შეიძლება განსაზღვროს დნმ-ის გრძელვადიანი შენახვის საკითხი. როგორც წესი, გენეტიკურ ანალიზებში ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჩონჩხის ის ელემენტები, რომლებიც ვიცით, რომ დნმ-ს განსაკუთრებით კარგად ინახავს. მაგალითად, ყურის შიდა ნაწილი თავის ქალაზე ან კბილები“, — განმარტავს ჰარვარდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ელაისა მიტნიკი.

მისი განცხადებით, საჭირო იყო, რომ ამ კვლევაში ნაკლებად გამოეყენებინათ შერჩევითობა, რადგან ჩონჩხის მხოლოდ იმ ნაწილებიდან შეეძლოთ ნიმუშების აღება, რომლებიც რესტავრაციის დროს ჩანდა დაზიანებული ფიგურებიდან. შედეგად, გენეტიკური მასალა 14 ფიგურიდან მხოლოდ ექვსში აღმოჩნდა ხელმისაწვდომი.

ფიგურები ბრწყინვალეა, მაგრამ არაა სრულყოფილი. ვიზუალს მიღმა სხვა დეტალების დასადგენად, საჭირო იყო სწორედ გენეტიკური კვლევა. იქროს სამაჯური, რომელიც ბავშვიან ინდივიდს ეკეთა, ქალის სამკაულად მიიჩნეოდა და შესაბამისად, ეს პირი ქალად. ორივე მოსაზრება მცდარი აღმოჩნდა.

ოქროს სამაჯურის სახლში აღმოჩენილი ოთხი ინდივიდი მშობლებად და მათ ორ შვილად მიიჩნეოდა, მაგრამ ისინი გენეტიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული არ აღმოჩნდნენ. ერთმანეთზე გადახვეულ წყვილში სულ მცირე ერთი ინდივიდი კაცი იყო; სავარაუდოდ, მეორე ინდივიდიც კაცია.

ახალი აღმოჩენები მიუთითებს პომპეის იმაზე გაცილებით ღრმა, უფრო კომპლექსურ საზოგადოებაზე, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა.

პომპეი

„აღმოჩენა გვაიძულებს, შევცვალოთ ზედმეტად მარტივი ინტერპრეტაციები რომაულ საზოგადოებაში გენდერისა და ოჯახის დინამიკის შესახებ, რომლებიც შეიძლება სულაც არ აირეკლავდეს თანამედროვე დასავლურ ინტუიციებს“, — ამბობს მიტნიკი.

ანალიზებით ასევე გამოვლინდა პომპეის იმაზე დიდი გენეტიკური მრავალფეროვნება, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. შესწავლილი ინდივიდები ძირითადად მიეკუთვნებოდნენ შედარებით ახალ იმიგრანტების შთამომავლებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან და არა იმ ხალხს, ვინც ამ რეგიონში უკვე საუკუნეები ცხოვრობდა.

ასეთი მრავალფეროვნება უფრო ფართოდ დამახასიათებელია დასავლეთ იტალიის რომაული რეგიონისთვის, რაც ასახავს გლობალიზაციის ადრეულ გარიჟრაჟს, რომელსაც აძლიერებდა ვაჭრობა რომის იმპერიაში.

და ეს მხოლოდ ექვსი ადამიანია მრავალათასიანი ქალაქიდან. შედეგი უბრალოდ განსაცვიფრებელია. გვაძლევს არა მხოლოდ ახალ ცნობებს ათასობით წლის წინანდელი ხალხის ცხოვრების შესახებ, არამედ მიგვანიშნებს იმასაც, რომ აუცილებელია გადავხედოთ მიკერძოებულ შეხედულებებს იმისათვის, რათა უფრო ზუსტად შევისწავლოთ ადამიანთა ისტორია.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.