ევროპარლამენტარი ანდრიას ლასლო - საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა, ყველამ, ვინც იქ იყო, ეს იცოდა

ნოე 14, 2024 - 07:26
 0  18
ევროპარლამენტარი ანდრიას ლასლო - საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა, ყველამ, ვინც იქ იყო, ეს იცოდა

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა, ყველამ, ვინც იქ იყო, ეს იცოდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიას ლასლომ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებმა გააკეთეს დემოკრატიული არჩევანი.

„მე ვიყავი საერთაშორისო დამკვირვებელი საქართველოს არჩევნებზე და გაოგნებული ვარ იმის გამო, რაც მოხდა. საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა. ყველამ, ვინც იქ იყო, ეს იცოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ ენდობიან არჩევნების სამართლიანობას, ასე მითხრეს ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლებმა, ასე მითხრეს ამომრჩევლებმა და მე ვესაუბრე რამდენიმე მათგანს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. მცირე პროვოკაცია, ინციდენტები მოხდა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, მაგრამ არა ისეთი, რაც სხვაგან არ მომხდარა.

მმართველი, „ქართული ოცნების“ პარტიის სასარგებლოდ ხმების სხვაობა 300 ათასზე მეტი ხმაა, შემდეგ კი მოვიდნენ პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც ცდილობდნენ დესტაბილიზაციას და პროტესტის გაღვივებას. ქართველებმა გააკეთეს დემოკრატიული არჩევანი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ბევრს არ მოსწონს ევროკავშირში, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევნების შემდეგ თავის პირველ განცხადებაში გარკვევით განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელება კვლავ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორობა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ახალ მთავრობასთან“, – განაცხადა ანდრიას ლასლომ.