დაპატიმრებული რუსი პოეტი, შესაძლოა, ციხეში მოკლან - გაფრთხილება

ნოე 16, 2024 - 17:38
 0  8
დაპატიმრებული რუსი პოეტი, შესაძლოა, ციხეში მოკლან - გაფრთხილება

დაპატიმრებული რუსი პოეტი, შესაძლოა, ციხეში მოკლან - გაფრთხილება

რუს პოეტს, არტიომ კამარდინს, ომის საწინააღმდეგო ლექსებისთვის, შვიდი წელი აქვს მისჯილი. დაკავების დროს, კამარდინზე, ჰანტელის გამოყენებით, სექსუალური ძალადობა განხორციელდა. მისი მეუღლე შიშობს, რომ პოეტს ციხეში მოკლავენ. არტემ კამარდინი, 2022 წლის სექტემბერში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მოსკოვის მოედანზე, სადაც დისიდენტები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან იკრიბებოდნენ, წაიკითხა საკუთარი ლექსი, რომელშიც ის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს სასტიკად აკრიტიკებს. 2023 წლის დეკემბერში კამარდინი „სიძულვილის გაღვივებასა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში“ ცნეს დამნაშავედ, მის კოლეგას, 23 წლის პოეტ ეგორ შტოვბას კი, ლექსის საჯარო კითხვაზე დასწრებისთვის, 5,5 წელი მიუსაჯეს. 34 წლის კამარდინმა გასულ თვეში სააპელაციო საჩივარი წააგო და მალე, სასჯელის მოსახდილად, კოლონიაში უნდა გაგზავნონ.

„ვშიშობ, რომ არტიომს მოკლავენ. მას ისე ექცევიან, თითქოს უკრაინელი ტყვე იყოს“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ პარიზში ვიზიტის დროს მისმა მეუღლემ, 30 წლის ალექსანდრა პოპოვამ, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება. ალექსანდრას, ასევე სხვა რუსი უფლებადამცველების თქმით, როდესაც პოეტმა საჯაროდ წაიკითხა თავისი ლექსი, რომლის სათაურია „მე მომკალი, მილიციელო!“, მეორე დღესვე კამარდინის და პოპოვას ბინაში უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები შეიჭრნენ და ცოლ-ქმარი სცემეს და დაამცირეს. ლექსის საჯაროდ წაკითხვა კი მას შემდეგ შედგა, როდესაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზება გამოაცხადა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა. 2015 წელს დაწერილი კამარდინის ლექსი სავსეა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ არის მიმართული.

„მე მომკალი, მილიციელო! შენ ხომ უკვე გასინჯული გაქვს სისხლის გემო! შენ ნანახი გაქვს, როგორ თხრიან შენი თანამოძმეები საძმო საფლავებს მოძმე ხალხისთვის“, - ეს სტრიქონები კამარდინმა საბჭოთა პოეტის, ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან წარმოთქვა.

„ფაშისტური დიქტატურა“

ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში კამარდინმა აღნიშნა, რომ პოეზია დაეხმარა მას „თავისი სამშობლოს ფაშისტურ დიქტატურად გადაქცევა“ გაეაზრებინა. „მე თავისუფალ რუსეთში დავიბადე. ახლა ეს ქვეყანა აღარ არსებობს. ის მოკლა და შთანთქა ურჩხულმა, რომელიც რუსეთს ახლა საკუთარ თავს უწოდებს“, - წერს ის. პოპოვას თქმით, დარბევის დროს კამარდინზე, ჰანტელის სახელურის გამოყენებით, სექსუალური ძალადობა მოხდა. მისი განცხადებით, ამ დამცირების გადასაღებად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ტელეფონები გამოიყენეს. „ბევრი სისხლი იყო“, - ამბობს პოპოვა. ამის შემდეგ კამარდინს მოსთხოვეს, რომ დაეჩოქა, ბოდიშის მოხდის ვიდეოს ჩასაწერად.

ისინი პოპოვას ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ. „რაღაც მომენტში, ჩემთან ერთად ოთახში ჩაიკეტნენ და შარვლის ჩახდის ინსცენირება მოაწყეს“, - აღნიშნა მან. ცოლ-ქმარს „ნაცისტებიც“ ეძახეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ემნისტი ინტერნეიშენალი“ აცხადებს, რომ „კამარდინის დაკავებისა და წამების დეტალები, თანამედროვე რუსეთში ადამიანის უფლებების ამაზრზენი სტანდარტების ფონზეც კი, შემზარავად გამოიყურება“. რუსულმა პროპაგანდამ წყვილის დევნის კამპანია დაიწყო. პოპოვას თქმით, მის მეუღლეს ციხეში პირდაპირ უთხრეს: „ჩუმად იჯექი, თორემ მოგკლავენ“. ომი, რომელიც უკვე მესამე წელია გრძელდება, პუტინმა რუსული საზოგადოების რადიკალურად ტრანსფორმირებისთვის გამოიყენა.

დამოუკიდებელი მედიასაშუალებები დაიხურა, ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვანი ჯგუფები დაიშალა, ომის კრიტიკა აიკრძალა, დისიდენტები დააპატიმრეს, მათი ხმა ჩაახშეს ან ქვეყნიდან გააძევეს. პუტინის მთავარი ოპონენტი, 47 წლის ალექსეი ნავალნი თებერვალში არქტიკულ კოლონიაში მოულოდნელად გარდაიცვალა. პოპოვა, რომელიც რუსი პოლიტპატიმრების მხარდამჭერი ექვსკაციანი ჯგუფის წევრია, ამბობს, რომ ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა შეიცვალა. „სხვა ადამიანების მკვლელობას ახლა უკვე ბევრი ამართლებს. მაშინაც კი, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ომი დასრულდება, რეპრესიები რუსეთში შეიძლება ისევ გაგრძელდეს“, - აღნიშნა მან.

„საზოგადოება სასტიკი გახდა. ხალხი ერთმანეთს ატყუებს“", - დასძინა პოპოვამ. ადამიანის უფლებათა კრემლის საბჭოს ხელმძღვანელმა, ვალერი ფადეევმა გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსეთში რეპრესიები კი არა, არამედ მხოლოდ „მინიმალური შეზღუდვები“ არსებობს მათ მიმართ, ვინც, მისივე თქმით, „არსებითად დასავლეთის მხარესაა“.

„ადამიანების გადარჩენის ერთადერთი შანსი“

პოპოვამ დასავლეთის მთავრობებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ რუსი პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. მან მოიწონა 1 აგვისტოს პატიმრების გაცვლის შედეგად 16 რუსი დისიდენტისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის გათავისუფლება და განაცხადა, რომ ასეთი გაცვლა უფრო ხშირად უნდა მოხდეს. „რუსეთის ციხეებში ხალხი იღუპება“, - თქვა მან და მათ „ომის მსხვერპლნი“ უწოდა. „ეს ის ხალხია, ვინც ეწინააღმდეგება იმას, რაც ახლა რუსეთში ხდება და საკუთარი პოზიცია მათ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად უჯდებათ“.

პიანისტი და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი, 39 წლის პაველ კუშნირი, ივლისში, ჩინეთ-რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ბირობიჯანში, პატიმრობაში გარდაიცვალა. 61 წლის მოხალისე, ალექსანდრე დემიდენკო, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებოდა, აპრილში ქალაქ ბელგოროდის ციხეში დაიღუპა. „ახლა რუსეთის ციხეებიდან ხალხის გამოხსნის ერთადერთი შანსი გაცვლაა. არტიომს აქვს შანსი ადრე განთავისუფლდეს, თუ პოლიტპატიმრების გაცვლა კიდევ მოხდება“, - ამბობს პოპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კრემლის ბევრმა კრიტიკოსმა დატოვა, პოპოვა ამბობს, რომ საზღვარგართ წასვლას არ აპირებს. მას სურს, პოლიტპატიმრების, განსაკუთრებით ქმრის მხარდაჭერა გააგრძელოს. „გულიდან სისხლი მდის. მე მის გვერდით უნდა ვიყო“, - დასძინა მან.