მიხეილ ხიდურელი - „ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონი განთავსდება

ნოე 13, 2024 - 13:31
 0  9
მიხეილ ხიდურელი - „ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე ქართული პავილიონი განთავსდება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა ჩინეთში, ქალაქ ჰანჭოუში, „ალიბაბას“ სათავო ოფისში შეხვედრა გამართა.

„აწარმოე საქართველოში“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ქართული პავილიონის განთავსება „ალიბაბას“ საერთაშორისო პლატფორმაზე Alibaba.com, რომელსაც 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა „ალიბაბას“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან. გვინდა, საქართველო რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მსოფლიოში უმსხვილეს B2B პლატფორმას ეროვნული პავილიონით. ეს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეწარმეებს, საგრძნობლად განავითარონ ბიზნესი და პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

„ალიბაბა“ 1999 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ამჟამად ექვს ბიზნესჯგუფს აერთიანებს.