საფრანგეთი: პრემიერ-მინისტრმა კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა და უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების მოლოდინშია
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სამ თვეზე ნაკლები დროით ყოფნის შემდეგ, მიშელ ბარნიე და მისი მთავრობა გადაყენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
ამის მიზეზი გახდა ბარნიეს გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსების შესახებ კენჭისყრაზე არ დაეყენებინა. მან ამჯობინა, გამოეყენებინა კონსტიტუციის 49.3 მუხლი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, კანონი ძალაში პარლამენტში კენჭისყრის გარეშე შევიდეს.
ეროვნული ასამბლეის დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრანგი ხალხის სურვილი „სტაბილურობა“ და „გამჭვირვალეობაა“.
„დადგა ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ყველამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მან.
„ამიერიდან ყველამ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს, მე კი ჩემი. თქვენ, ქვეყნის პარლამენტარებმა, უნდა გადაწყვიტოთ, მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა საპასუხისმგებლო, აუცილებელ და სასარგებლო ფინანსურ კანონს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. თუ ასე არ მოხდება, მაშინ გაურკვევლობაში აღმოვჩნდებით,“ - დასძინა მან და პარლამენტარებს მოუწოდა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაზე იყვნენ ორიენტირებულნი.
ამ გადაწყვეტილებით ბარნიემ ფრანგი დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. რადიკალმა მემარცხენეებმა უკვე დაადასტურეს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიცირებას მოახდენენ, ულტრამემარჯვენეები კი აცხადებენ, რომ ნებისმიერ ასეთ ინიციატივას დაუჭერენ მხარს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.
მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა, ჟან-ლუკ მელენშონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ „ბარნიეს მთავრობის გადარჩენის ყველა მანევრი ჩაიშალა“ და ის აუცილებლად „დაემხობა“.
„ფინანსურ და პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ მაკრონია. მან ფრანგ ხალხს თავისი ხმა უნდა დაუბრუნოს“, - განაცხადა მან.
თავის მხრივ, მარინ ლე პენის მემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ („Rassemblement National“ - RN) დაადასტურა, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ეთანხმება და მემარცხენეების ინიციატივას მხარს დაუჭერს.
„პრემიერმა ახლახან კონსტიტუციის 49.3 მუხლი სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტის დასამტკიცებლად გამოიყენა. აღნიშნული კანონი, ისევე როგორც ეს მთავრობა, კრიტიკას იმსახურებს“, - დაწერა X პლატფორმაზე „ეროვნულმა გაერთიანებამ“.
„ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს უნდობლობის ვოტუმი და ის ერთი იქნება თუ უფრო მეტი, ჩვენ მას აუცილებლად დავუჭერთ მხარს, ამასთან, უნდობლობის საკითხს ჩვენც დავაყენებთ“, - აღნიშნა ლე პენმა ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას.
„არ არსებობს გამოსავალი მთავრობისთვის, რომელიც კვლავ მაკრონზეა მიბმული, მძიმე სოციალური მდგომარეობისთვის ანგარიშის გაწევაზე უარს ამბობს და ცვლილებების აუცილებლობას უგულებელყოფს“, - დაწერა X-ზე RN-ის ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ.
მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, პარლამენტის წევრებს 24 საათი აქვთ. ხმის მიცემა უნდობლობის ვოტუმის შეტანიდან მხოლოდ 48 საათის შემდეგ (ანუ, არაუადრეს ოთხშაბათისა და ხუთშაბათისა) შეიძლება ჩატარდეს. თუ ბარნიე დამარცხდება, ემანუელ მაკრონს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შერჩევა მოუწევს.