ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურისა და სეზონის სიმბოლურ გუნდშია, საერთო რეიტინგით კი ჩემპიონატის მესამე საუკეთესო ფეხბურთელია

ნოე 26, 2024 - 00:46
 0  35
ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურისა და სეზონის სიმბოლურ გუნდშია, საერთო რეიტინგით კი ჩემპიონატის მესამე საუკეთესო ფეხბურთელია

ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. რჩეულები ავტორიტეტულმა გამოცემა Kicker-მა დაასახელა.

728
300

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „გროიტერ ფიურტთან“ გასვლით მატჩში „კარლსრუეს“ გამარჯვებაში (3:2) მთავარი როლი ითამაშა, რადგან სამივე გოლში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდა.

ზივზივაძემ 46-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 73-ე წუთზე მისი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კონტემ სტუმრები დააწინაურა, ხოლო 79-ე წუთზე ზივზივაძის პრესინგის დროს მასპინძელთა მეკარემ შეცდომა დაუშვა, მისი გადაცემა ჩაჭრეს, რასაც „კარლსრუეს“ მესამე გოლი მოჰყვა.

ქართველი თავდამსხმელი Kicker-ის ტურის სიმბოლურ გუნდში უკვე მესამედ მოხვდა. ბუდუ ზივზივაძე 9 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მეორე ბუნდესლიგის თანაბომბარდირია.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა 8.5 ქულა დაუწერა და ასევე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა, ის სეზონში საშუალო შეფასებით (7.6 ქულა) ორ საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა, ხოლო Sofascore-ს რეიტინგით (7.55) მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში მესამე პოზიციაზეა.

728
300