გერმანია თავშესაფრების ადგილმდებარეობების აპლიკაციას ამზადებს

ნოე 26, 2024 - 18:23
 0  21
გერმანია თავშესაფრების ადგილმდებარეობების აპლიკაციას ამზადებს

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ჩატარდება ყველა შენობის, მათ შორის სარდაფების, მიწისქვეშა ავტოფარეხების და მეტროსადგურების ინვენტარიზაცია, რომლებიც თავშესაფრებად შეიძლება იყოს გამოყენებული.

2024 წლის 24 ნოემბერს, უკრაინაში, დაუზუსტებელ ადგილას გადაღებულ ფოტოზე ასახულია რაკეტის ნაწილები, რომლებიც, 21 ნოემბერს ქალაქ დნიპროზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დაცემის ადგილზე, შესწავლის მიზნით შეგროვდა
რომან ფილიპი/სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP)

რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ბერლინი ცდილობს, გაზარდოს იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც, თავდასხმის შემთხვევაში, მშვიდობიანი მოქალაქეები შეაფარებენ თავს.

სიაში ასევე მოხვდება მიწისქვეშა ავტოსადგომები და სამთავრობო შენობები. მომავალში მათი ჩამონათვალი მობილური აპლიკაციის ჩამოსატვირთვის გზით იქნება ხელმისაწვდომი.

„შეიქმნება ყველა ბუნკერის ციფრული კატალოგი, რათა ადამიანებმა სწრაფად იპოვონ ისინი მობილური ტელეფონების გამოყენებით“, - განმარტა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

„მთავრობა ასევე წაახალისებს მოქალაქეებს, შექმნან თავშესაფრები საკუთარ სახლებში, სარდაფებისა და ავტოფარეხების შესაბამისად აღჭურვის გზით“, - დასძინა მან.

გეგმა ივნისში შეთანხმდა და იმავე პერიოდში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, განაცხადეს სამინისტროში, თუმცა ამ სამუშაოების დასრულების თარიღი და მიზნები არ განუმარტავთ.

ეს ინიციატივა „თავშესაფრებზე შეტევად“ მოინათლა და მისი ხორცშესხმისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომლის დასრულებას გარკვეული „დრო დასჭირდება“. პროექტში საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურები მონაწილეობენ.

გერმანიაში, სადაც 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 579 ბუნკერია, რომელთა უმეტესობა მეორე მსოფლიო ომისა და „ცივი ომის“ დროს აშენდა. მათ 480 000 ადამიანის დატევა შეუძლიათ.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ მის საკუთრებაში არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობების გაყიდვა შეაჩერა. 2005 წლიდან დღემდე, 300-ზე მეტი ბუნკერი გაიცა ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც, მოვლის პასუხისმგებლობასთან ერთად, შენახვის ხარჯების გაღებაც დაეკისრათ.

მიმდინარე წლის ოქტომბერში გერმანიის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელობა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის რუსეთს ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობა ექნება. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ იზრდება საბოტაჟისა და დივერსიული აქტების რაოდენობა გერმანიის ტერიტორიაზე.

იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინის ომი შეიძლება ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს, გასულ კვირას მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინამ მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტები რუსული სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენა, მოსკოვმა კი ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა „ორეშნიკი“ უკრაინის ქალაქ დნიპროზე თავდასხმის დროს გამოსცადა.

ოთხი დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კონფლიქტმა „მსოფლიო ომის ნიშნები“ შეიძინა და დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნებზე თავდასხმებს არ გამორიცხავს. ამის კვალობაზე, ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის და გერმანიის ხელმძღვანელობა ცდილობს, საკუთარი მოსახლეობა უარესი სცენარისთვის მოამზადოს.

საფრთხეში, სხვა ფაქტორებთან ერთად, რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენებაც მოიაზრება. „ორეშნიკი“ არის ახალ საშუალო რადიუსის ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია და რომლის გაუვნებელყოფა არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებით შეუძლებელია.

პუტინმა „ორეშნიკის“ შემდგომი ტესტირებისა და მასობრივი წარმოების შესახებ ბრძანება უკვე გამოსცა (პორტუგალიურ ენაზე)

Fallback image due to copyright restrictionsFallback image due to copyright restrictions