სავაჭრო ომის ზღვარზე: ჩინეთი კონტრზომებს იღებს და აშშ-ში ექსპორტზე შეზღუდვებს ამკაცრებს

დეკ 5, 2024 - 12:45
 0  31
სავაჭრო ომის ზღვარზე: ჩინეთი კონტრზომებს იღებს და აშშ-ში ექსპორტზე შეზღუდვებს ამკაცრებს

პეკინი შეერთებულ შტატებში ზოგიერთი ლითონის (გალიუმი, გერმანიუმი და სტიბიუმი), ასევე ფართო სამხედრო გამოყენების მქონე სხვა მაღალტექნოლოგიური მასალების ექსპორტს კრძალავს.

728
300

გალიუმი და გერმანიუმი ნახევარგამტარებში გამოიყენება, გერმანიუმი -ინფრაწითელ ტექნოლოგიებში, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებსა და მზის ბატარეებში, ხოლო სტიბიუმი - ტყვიებსა და სხვადასხვა იარაღში.

ბრძანება, რომელიც დაუყოვნებლივ შედის ძალაში, ასევე ითვალისწინებს უფრო მკაცრ კონტროლს შეერთებულ შტატებში გაგზავნილ გრაფიტის პროდუქტებზე.

ამასთან, მცირდება მინერალების ექსპორტის არსებული ლიმიტები, რომელიც პეკინმა გასულ წელს დააწესა და მხოლოდ აშშ-ს ბაზარზე ვრცელდება.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ „ეროვნული უსაფრთხოების გამო შეშფოთება“ მას შემდეგ გამოხატა, რაც ორშაბათს, 2 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გაზარდა იმ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების ჩამონათვალი, რომელთა საექსპორტო პროდუქცია კონტროლს ექვემდებარება. მათ შორის ბევრი ისეთი კომპანიაა, რომელთა აღჭურვილობა კომპიუტერული ჩიპების, ჩიპების მწარმოებელი ხელსაწყოების დასამზადებლად და პროგრამული უზრუნველყოფისთვის გამოიყენება.

ამერიკულ „შავ სიაში“ ახლახანს შეყვანილი 140 კომპანიიდან თითქმის ყველა ჩინეთშია დაფუძნებული. მათ შორის არიან Piotech და SiCarrier - ჩინური ჩიპების მწარმოებელი კომპანიები.

ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პეკინისთვის დაწესებული ექსპორტის შეზღუდვების მესამე რაუნდი ბოლო სამი წლის განმავლობაში.

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ამ ღონისძიების მიზანია, შეანელოს ჩინეთში მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების განვითარება, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საომარ მოქმედებებში და ზიანი მიაყენოს შიდა ნახევარგამტარების ინდუსტრიას, რაც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ეროვნულ უსაფრთხოებას.

თავის მხრივ, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ შეერთებული შტატები „ბოროტ განზრახვაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი ქმედება „მნიშვნელოვან საფრთხეს“ უქმნის ინდუსტრიული და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას.

„ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ზედმეტად გაფართოებით, ექსპორტის კონტროლის ბოროტად გამოყენებით და ცალმხრივი ძალადობით, აშშ ქადაგებს ერთს და აკეთებს მეორეს. ჩინეთი მსგავს ქმედებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაშინგტონის მიერ მიღებული ახალი ზომები და ჩინეთის კონტრზომები მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ომის საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის.

728
300