Politico: შოლცს 36 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადისათვის თავის არიდების საქმის სკანდალი გაახსენეს

დეკ 6, 2024 - 15:43
 0  123
Politico: შოლცს 36 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადისათვის თავის არიდების საქმის სკანდალი გაახსენეს

გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს პასუხების გაცემა მოუწევს იმ კითხვებზე, რომელიც ქვეყანაში უმსხვილეს სკანდალს, საგადასახადო თაღლითობასთან მის სავარაუდო კავშირს ეხება. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

728
300

გამოცემის მტკიცებით, სავარაუდოდ, ეს ბრალდება წინასაარჩევნოდ შოლცის ისედაც რთულ ვითარებას უფრო გაართულებს.

შოლცი პარასკევს ჰამბურგის პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის წინაშე წარდგება და მესამედ აუხსნის დეპუტატებს, თუ როგორ იზარალა სახელმწიფომ 36 მილიარდი ევრო მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგმა გერმანულმა კომპანიამ მთავრობას გადასახადის ანაზღაურების თხოვნით შეცდომით მიმართა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გამოძიებას, რათა დავადგინოთ, ჰქონდა თუ არა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მდგენელი“, - ციტირებს Politico საგამოძიებო კომიტეტის წევრს „მწვანეთა პარტიიდან“ ფარიდ მიულერს.

Politico-ს მტკიცებით, გერმანიის კანცლერთან კითხვები ერთ-ერთ ბანკთან, HSH Nordbank-თან დაკავშირებით არსებობს, რომელმაც 2014 წელს საგადასახადო ორგანოებს 126 მილიონი ევრო გადასცა. როგორც გამოცემა იუწყება, ასეთი ტრანზაქციების დროს კომპანიები საგადასახადო ორგანოებს ატყუებენ, არასწორად აწვდიან ინფორმაციას აქციათა მსხვილი პაკეტების გაყიდვასთან დაკავშირებით, რათა შემდეგ სახელმწიფოსგან გადასახადის დაბრუნება მოითხოვონ.

მიუხედავად იმისა, რომ შოლცი უშუალოდ თაღლითობაში ბრალდებული არ არის, გამოძიებას აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა მან HSH Nordbank-ის მიერ ასეთი განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ. გამოცემის თქმით, ეს მოხდა მაშინ, როცა შოლცი ქალაქ ჰამბურგის მერი იყო.

სკანდალი გადასახადისათვის თავის არიდების შესახებ პირველად 2021 წელს გახდა ცნობილი, როცა შოლცმა კანცლერის თანამდებობა დაიკავა. მაშინ სკანდალის ცენტრში ჰამბურგის ბანკი M.M. Warburg & Co აღმოჩნდა, თუმცა ამ მოვლენას მის პოლიტიკურ კარიერაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

შოლცი მერად ყოფნის დროს რამდენჯერმე შეხვდა ბანკის მმართველს კრისტიან ოლეარიუსს, რომელიც შემდეგ 280 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადისათვის თავის არიდების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგა. შოლცის კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კანცლერი სახელმწიფო მოხელის პოზიციიდან ბანკს ეხმარებოდა. თუმცა, თავად შოლცს არაერთხელ უთქვამს, რომ ასეთი შეხვედრები მას არ ახსოვს.

წელს ოლეარიუსის სასამართლო ყოველგვარი განაჩენის გამოტანის გარეშე დასრულდა. 82 წლის ბანკის მმართველი სასამართლომ ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო გაათავისუფლა.

728
300