ჯანდაცვის სამინისტრო 6 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო 6 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, 6 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში აქციის ცხრა მონაწილე გადაიყვანეს.
„მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია. ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენები კი გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებებიდან.
საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ჯგუფი. სამედიცინო დახმარება აქციის მონაწილეებს გაეწიათ ადგილზეც, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.