დევიდ ლამი - დიდი ბრიტანეთი აჩერებს პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, ვიდრე დემოკრატიული ნორმებისგან უკუსვლა არ შეწყდება
გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, ვიდრე არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა, – ამის შესახებ აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის, დევიდ ლამის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკის მომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს.
ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ.
მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან მანამ, სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა.
გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას და მხარს უჭერს მათ უფლებას, აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნულია დევიდ ლამის განცხადებაში.