ტრამპი, ამ ახალ ვადაში, სულ სხვა პრეზიდენტი იქნება - ესტონეთის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე
ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარკო მიჰკელსონის თქმით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ის, სავარაუდოდ, სრულიად განსხვავებული პრეზიდენტ იქნება, ვიდრე 2016-2020 წლებში, პირველი ვადით მმართველობის დროს იყო.
„ეს იქნება განსხვავებული ტრამპი, მაგრამ მაინც მისთვის დამახასიათებელი არაპროგნოზირებადობითა და სიურპრიზებით“, - აღნიშნა მიჰკელსონმა ტელეარზე ETV-ის დილის გადაცემა „Terevisioon“-ში: „დრამა და დაძაბულობა გარანტირებულია“.
რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთთან ურთიერთობას, მიჰკელსონმა განაცხადა, რომ ტრამპი მარცხის მიუღებლობით არის ცნობილი. „თუ ის აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, რომელიც შეიძლება ისე გამოიყურებოდეს, რომ რუსეთთან მიმართებაში დამარცხებულია, ამან შეიძლება პოზიტიური ცვლილებები გამოიწვიოს“, - მიიჩნევს მიჰკელსონი.
მან იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სენატი რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. „რესპუბლიკელები ახლა აკონტროლებენ როგორც თეთრ სახლს, ასევე კონგრესს“, - თქვა მან და დასძინა, რომ ეს ტრამპის პოტენციური ადმინისტრაციის პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს.
„ძალაუფლების დიდი კონცენტრაცია მოხდება და ქვეყნის მართვა მხოლოდ პრეზიდენტის დეკრეტებით აღარ მოხდება“, - აცხადებს მიჰკელსონი.
მისივე განმარეტებით, უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი, ვინ დაიკავებს საკვანძო პოზიციებს ტრამპის ადმინისტრაციაში, რაც ასევე განსაზღვრავს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიმართულებას.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჩარჩო სტაბილური დარჩეს“, - დასძინა ესტონეთის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.