ევროკომისია გარკვეულ ქვეყნებში ევროკავშირის საელჩოების პერსონალის შემცირებას გეგმავს

ნოე 28, 2024 - 15:28
 0  85
ევროკომისია გარკვეულ ქვეყნებში ევროკავშირის საელჩოების პერსონალის შემცირებას გეგმავს

ევროკომისია გეგმავს გარკვეულ ქვეყნებში ევროკავშირის საელჩოების პერსონალის შემცირებას, რათა გაზარდოს თანამშრომელთა რაოდენობა იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც ბრიუსელს სტრატეგიული ინტერესი აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

728
300

„ჩვენ დავტოვებთ მცირე დელეგაციას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სუდანი ან ნიგერი. ეს იქნება არასწორი გზავნილი, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ გვყავს აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელიც, როგორც ჩანს, ნაკლებად დაინტერესებულია გარე მსოფლიოთი“, – განაცხადა გამოცემასთან ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობდა.

კიდევ ერთმა მაღალჩინოსანის თქმით, ბრიუსელში არის შეშფოთება, რომ ევროკავშირის მიერ შექმნილი ვაკუუმი, შესაძლოა, რუსეთმა ან ჩინეთმა შეავსოს.

კადრების შემცირების ინიციატივა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა 2024 წლის ბიუჯეტს გადააჭარბა.

„სტატუს კვოს შენარჩუნება ვარიანტი არ არის. ევროკავშირს სჭირდება დელეგაციების ქსელი, რომელიც უკეთ არის მორგებული პოლიტიკის ახალ პრიორიტეტებთან. ეს უნდა იყოს მიღწეული შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში“, – ნათქვამია ევროკომისიის დოკუმენტში, რომელიც „პოლიტიკოსთვის“ გახდა ხელმისაწვდომი.

ევროკავშირს მსოფლიოს მასშტაბით 145 დელეგაცია ჰყავს. ევროკომისია აპირებს, ფოკუსირება მოახდინოს იმ ქვეყნებზე, სადაც ევროკავშირის უმთავრესი ინტერესებია.

ევროკავშირის მაღალჩინოსნები მუშაობენ იდეებზე, რათა ევროკავშირის საელჩოებისადმი მიზნობრივი მიდგომა შეიმუშაონ. ბრიუსელი ყურადღებას ამახვილებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან ან რომლებიც ბლოკის უშუალო მეზობლები არიან – „დიდი ოცეულის“ ქვეყნებზე, პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებზე და ქვეყნებზე, სადაც არასტაბილურობა ევროკავშირის ინტერესებს ემუქრება.

728
300