პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა

ნოე 29, 2024 - 13:17
 0  112
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა

ვფიქრობ, რომ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიხილეთ ბატონი კობახიძის გუშინდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გაგრძელებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულსატკენია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

728
300

ელჩის თქმით, გუშინ მომხდარი ეწინააღმდეგება ქართველების დიდი უმრავლესობის ნებას.

„მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა უფროსმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე“. ეს სიტყვები წარმართავდა ჩვენს მუშაობას ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს სიტყვები წარმართავდა ჩემს მუშაობას აქ, როგორც ევროკავშირის ელჩის, ორი წლის განმავლობაში. მე ძალიან ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა გადავწყვიტეთ საქართველოსთვის ჩვენი კარის გაღება. ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, როგორც მე მესმის და ასევე ეწინააღმდეგება ქართველების დიდი უმრავლესობის ნებას. რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება. ჩემი თვალსაზრისით, ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანია და გულსატკენია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე შეფასებით, ეს სერიოზული სიტუაციაა და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას.

„ევროინტეგრაციის პროცესი სრულიად ნებაყოფლობითია. ევროკავშირში გაწევრიანებით დაინტერესებულმა ქვეყანამ უნდა შეიტანოს განაცხადი, დააკმაყოფილოს პირობები და აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ღია ვართ, მზად ვართ. საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გვსურს, საქართველო წინ წავიდეს, განაგრძოს სვლა და ისარგებლოს, რომ ევროკავშირი ღიაა აღმოსავლეთის მიმართულებით. ტრიოს სხვა ორი ქვეყანა, უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიიწევენ წინ. ისინი უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან წევრობის პირობებზე. გუშინ გავიგეთ, რომ საქართველომ შეწყვიტა ინტერესი ევროინტეგრაციის გაგრძელების მიმართ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა. როგორც მესმის, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას და საქართველოს ყველა წინა მთავრობის განცხადებებს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“.

728
300