უკრაინაში დაღუპული თითქმის 81 ათასი რუსი ჯარისკაცია იდენტიფიცირებული
ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს დაღუპული 80 973 რუსი ჯარისკაცის ვინაობა დაადგინეს.
ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ერთობლივ გამოძიებაშია ნათქვამი.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მათი ნახევარზე მეტი რუსეთის არმიაში ომის დასაწყისში მსახურობდა.
„რუს მოხალისეებს შორის დანაკარგები კვლავ სწრაფად იზრდება, ბევრი მათგანი ფრონტზე გაგზავნიდან ორ-ოთხ კვირაში იღუპება“, - ნათქვამია ჟურნალისტური გამოძიების მასალებში.
ჟურნალისტები მოხალისეებად იმ მებრძოლებს მიიჩნევენ, ვინც კონტრაქტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააფორმა.
ახლა მათი წილი რუსეთის შეიარაღებული ძალების დადასტურებული დანაკარგების მთლიანი რაოდენობის 22%-ია. გასულ წელს, 2023 წლის ნოემბერში, მოხალისეები ომში დაღუპულთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 14%-ს შეადგენდნენ.
ამასთან, ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ციხიდან ფრონტზე გაგზავნილთა შორის დაღუპულთა წილი მცირდება. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ისინი მთლიანი დანაკარგის 26%-ს, ახლა კი - მხოლოდ 18%-ს შეადგენენ. პატიმრებისგან შემდგარი ქვედანაყოფები ფრონტის ხაზზე დღემდე იბრძვიან და საბრძოლო დატვირთვის ნაწილს საკუთარ თავზე იღებენ.
მასმედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფრონტზე პატიმრების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ რუსეთის ხელისუფლებას საშუალება მისცა, არმიის შეტევითი პოტენციალი ეკონომიკისთვის დამატებითი ზიანის მიყენების გარეშე შეენარჩუნებინა.
„მსჯავრდებულები აქტიურად მონაწილეობენ რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იმის მიუხედავად, რომ კვალიფიციურ მუშახელს არ წარმოადგენენ. ეს განასხვავებს მათ, მაგალითად, მობილიზებულთაგან, რომელთა ომში წასვლამ ეკონომიკის რიგი სექტორები დაასუსტა“, - ნათქვამია გამოძიების მასალებში.
ჟურნალისტების თქმით, დადასტურებული დანაკარგების რაოდენობით, ლიდერები არიან ბაშკორტოსტანი, თათარსტანი და სვერდლოვსკის ოლქი. თუმცა, ამ რეგიონებში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია.
მობილიზაციის დაწყებისა და საპატიმრო ადგილებიდან ფრონტზე მასობრივი გაწვევის შემდეგ, ამ სიაში პირველ ადგილზე სვერდლოვსკის ოლქი აღმოჩნდა. რეგიონში ბევრი სამრეწველო საწარმოა, რამაც მობილიზაცია გააადვილა. რეგიონში ასევე არის არაერთი დიდი გამოსასწორებელი კოლონია, საიდანაც პატიმრები აქტიურად მიჰყავდათ ფრონტზე ჯერ „ვაგნერელებს“, შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.
ის ფაქტი, რომ თათარსტანი 2024 წელს ყველაზე მეტი დადასტურებული ზარალის მქონე რეგიონების სამეულშია, აიხსნება ადგილობრივი მოხალისეების აქტიური მუშაობით, რომლებიც დაღუპულთა შესახებ მონაცემებს აგროვებენ. ომის მონაწილეთა ახლობლები და ნათესავები ადგილობრივ თემებში აგზავნიან და აქვეყნებენ ინფორმაციას დაღუპულთა შესახებ, ხშირად აფიქსირებენ შემთხვევებს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ ხმაურდება.
ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ თათარსტანიდან დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, მაქსიმალურად ახლოს იყოს ამ რესპუბლიკიდან დაღუპულთა რეალურ რაოდენობასთან. სხვა რეგიონების მონაცემები, პირიქით, გაცილებით ნაკლებად სრულყოფილია, რადგან იქ ასეთი აქტიური მოხალისეები არ არიან და მედია მხოლოდ ინფორმაციის ღია წყაროებს ეყრდნობა. ციმბირის რამდენიმე რეგიონის მცხოვრებლებმა არაერთხელ უთხრეს BBC-ს, თუ როგორ ახდენს ადგილობრივი ხელისუფლება ზეწოლას ჟურნალისტებსა და დაღუპულთა ახლობლებზე და მოუწოდებს მათ, „დანაკარგების შესახებ აღარ დაწერონ“.
მკვლევარი ჟურნალისტები ასევე ასახელებენ დადასტურებული სიკვდილიანობის რაოდენობას 16-დან 61 წლამდე ასაკის ყოველ 10000 მამაკაცზე. ერთ სულ მოსახლეზე მსხვერპლის რაოდენობით ლიდერობენ ტუვა, ბურიატია და ალტაი, სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშია.
„ყველა დაღუპულთა შორის, სულ მცირე, 52%-ს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც ომის დასაწყისში რუსეთის არმიასთან არაფერი ჰქონდათ საერთო. იმ ადამიანების რეალური რაოდენობა, რომლებიც რუსეთის არმიაში სამოქალაქო სექტორიდან ომის დაწყების შემდეგ მივიდნენ და ფრონტზე დაიღუპნენ, გაცილებით მეტია, რადგან ვერ დავადგინეთ, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ დაღუპულთა 28% როგორ აღმოჩნდა ფრონტზე“, - ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური მონაცემებით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, რუსეთის არმიამ დაკარგა დაახლოებით 738 660 ჯარისკაცი. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ზარალმა დაახლოებით 2030 ჯარისკაცი შეადგინა.
გაზეთმა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“, უკრაინულ წყაროებსა და დასავლური დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, 17 სექტემბერს დაწერა, რომ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების სავარაუდო რაოდენობა შეიძლება 80 000, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა - 400 000 იყოს. ამავე ამერიკული გამოცემის ცნობით, რუსეთის არმიამ 2,5 წლიანი ომის განმავლობაში თითქმის 200 000 ადამიანი დაკარგა, დაახლოებით 400 000 ჯარისკაცი კი დაიჭრა.