რუმინეთი: სოციალ-დემოკრატების ელექტორალური ტრიუმფი, ულტრამემარჯვენეების ძლიერ წინსვლასთან ერთად

დეკ 2, 2024 - 22:23
 0  107
რუმინეთი: სოციალ-დემოკრატების ელექტორალური ტრიუმფი, ულტრამემარჯვენეების ძლიერ წინსვლასთან ერთად

რუმინეთი: სოციალ-დემოკრატების ელექტორალური ტრიუმფი, ულტრამემარჯვენეების ძლიერ წინსვლასთან ერთად

728
300

ორშაბათს დილით გამოქვეყნებული თითქმის საბოლოო შედეგების მიხედვით, რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში იმარჯვებს მმართველი კოალიცია სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SDP) მეთაურობით, თუმცა, პარალელურად, ულტრამემარჯვენეებიც მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ. ხმების 96%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, სოციალ-დემოკრატებმა, რომელიც დღეს ლიბერალებთან ერთად მართავენ ქვეყანას, ხმების 23,5% მიიღეს და ყველა სხვა პარტიას აჯობეს. ამავე დროს, ულტრამემარჯვენე პარტიების ხმების საერთო რაოდენობამ 30%-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც წინა, 2020 წლის არჩევნებში მათ 10%-ზე ნაკლები ხმა გააჩნდათ. თუ ეს ტენდენცია არჩევნების საბოლოო შედეგების შემდეგაც შენარჩუნდა, მოსალოდნელია ფრაგმენტული პარლამენტი და რთული მოლაპარაკებები მთავრობის ფორმირების საკითხზე.

ეს არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების ორ ტურს შორის ჩატარდა. 24 ნოემბერს, პირველ ტურში, რუმინეთი შოკში ჩააგდო ულტრამემარჯვენე კანდიდატის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერის, კალინ გეორგესკუს გამარჯვებამ, რამაც ამ არჩევნების სანდოობის მიმართ ეჭვები გააჩინა. ხელისუფლება რუსეთის შესაძლო გავლენასა და პლატფორმა „ტიკ ტოკის“ როლზე ალაპარაკდა. ასეთ ვითარებაში, საკონსტიტუციო სასამართლომ ხმების გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. „რუმინელებმა მნიშვნელოვანი სიგნალი გაუგზავნეს პოლიტიკურ კლასს“, - განაცხადა საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სოციალ-დემოკრატმა პრემიერ-მინისტრმა, მარსელ ჩიოლაკუმ, რომელიც საპრეზიდენტო რბოლას პირველივე ტურში გამოეთიშა.

მისივე თქმით, ამ არჩევნების მთავარი მესიჯი არის ის, რომ რუმინელებს სურთ დარჩნენ ევროპულ გზაზე და ამავე დროს, „საკუთარი იდენტობა და ეროვნული ღირებულებები დაიცვან“. საკანონმდებლო ორგანოს ამ არჩევნებში ულტრამემარჯვენეები რამდენიმე ნაწილად დაიყვნენ, რომლებსაც უკრაინას მხარდაჭერის საკითხში ევროკავშირის პოზიციასთან უთანხმოება, ასევე საკუთარ ქვეყანაში „ქრისტიანული ღირებულებების“ დაცვა აერთიანებთ.

ძლიერი წინსვლა

რუმინეთის მოსახლეობა 19 მილიონს შეადგენს. საარჩევნო აქტივობა 52% იყო, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 1989 წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ, არც ერთი პოლიტიკურ ძალას არ ჰქონია ისეთი ძლიერი წინსვლა, როგორიც ულტრამემარჯვენეებს ამ არჩევნებში, რაც ეკონომიკური სირთულეებითა და მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე ომით შეიძლება აიხსნას.

45 წლის ეკონომისტმა, ჯორჯ სორინმა ნაციონალისტურ პარტიას მისცა ხმა. მისი თქმით, ამჟამინდელმა პარლამენტმა „მხოლოდ ის გააკეთა, რომ ემსახურებოდა უკრაინის ინტერესებს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაამტკიცა მთელი რიგი კანონები და რუმინეთის ინტერესები დაივიწყა“. სორინმა ბრიუსელისადმი „მონური ქედმოხრაც“ გააკრიტიკა.

„ეგზისტენციალური“ არჩევანი

პროევროპულმა ცენტრისტულმა პარტია „რუმინეთის ხსნის კავშირმა“, რომლის ლიდერი ელენა ლასკონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა, ლიბერალების მსგავსად, ხმების 15% მიიღო. რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განცხადებით, ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უახლოეს წლებში რუმინეთის განვითარების მიმართულების არჩევის თვალსაზრისით.

„თავისუფალ ქვეყნად, თანამედროვე ევროპულ ერად დარჩენა, ერთი მხრივ, ან „საშინელ იზოლაციაში ჩავარდნა და ბნელ წარსულში დაბრუნება, მეორე მხრივ, არის ეგზისტენციალური არჩევანი, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ“, - გააფრთხილა მან რუმინეთის საზოგადოება.

728
300