ყოფილი მინისტრი და ევროკომისარი, დიდიე რეინდერსი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი: მან ერთი მილიონი ევროს წარმომავლობა უნდა დაასაბუთოს
ბელგიის ფრანგულენოვანი ტელე-რადიომაუწყებლის (RTBF) ინფორმაციის თანახმად, ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილმა, ბელგიის სამეფოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა, დიდიე რეინდერსმა, რომელიც პოლიციამ სამშაბათს, 3 დეკემბერს გაჩხრიკა და დაკითხა, გამომძიებლებს დაახლოებით 1 მილიონი ევროს წარმომავლობა უნდა დაუსაბუთოს.
დაახლოებით 200 000 ევროს ოდენობის საეჭვო ფულით ლატარიის ბილეთების შეძენის გარდა, ბელგიის ფედერალური სასამართლო პოლიციის ყურადღება ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე ნაღდმა ანგარიშსწორებებმაც მიიპყრო. სავარაუდოდ 15 წლის განმავლობაში, საბანკო სისტემაში დაახლოებით 800 000 ევრო ნაღდი ფული შევიდა. ამ ტიპის პირველი ფინანსური აქტივობა 2010 წლით თარიღდება.
ლატარიის ბილეთების ნაღდი ფულით შესყიდვები, ძირითადად, ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელდა.
ლატარიის ელექტრონულმა ბილეთებმა და ნაღდი ფულით ბანკში ანგარიშსწორებამ ეჭვი წარმოშვა. დიდიე რეინდერსმა დაახლოებით ერთი მილიონი ევროს ოდენობის საეჭვო თანხის წარმომავლობა უნდა დაასაბუთოს. ეს თანხა მიახლოებითია, რადგან RTBF-ს დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია. ბელგიის კანონმდებლობით, ფულის გათეთრების ეჭვის შემთხვევაში, ეჭვმიტანილმა პირმა ფულის კანონიერი წარმოშობის მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს.
ორი გაფრთხილება
გამოძიება 2023 წელს დაიწყო. სასამართლო ხელისუფლებას ინფორმაცია ორი არხით მიეწოდა. ფინანსური ინფორმაციის დამუშავების განყოფილებამ (CTIF) ფულის გათეთრების ეჭვის შესახებ პირველი სიგნალი საბანკო სფეროდან მიიღო, რომელსაც საეჭვო ფინანსური მოძრაობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გააჩნია. მეორე არხს კი თავად ეროვნული ლატარია წარმოადგენდა, რომელმაც ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს შეატყობინა.
ამ დრომდე დიდიე რეინდერსი და მისი მეუღლე გამომძიებლებმა მხოლოდ ერთხელ დაკითხეს. შემდგომი მოსმენები გამოძიების მიმდინარეობის გათვალისწინებით ჩატარდება. ჩხრეკისას დიდიე რეინდერსს 7000 ევრო ნაღდი ფული აღმოაჩნდა. ეს ინფორმაცია ბელგიის ფრანგულენოვან ტელე-რადიომაუწყებელს გამოცემა „სტანდაარდმაც“ დაუდასტურა,
დიდიე რეინდერსისსთვის, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეული თანხების ქონის გასამართლებლად, მან აზარტული თამაშებისადმი მისწრაფება დაასახელა. დიდიე რეინდერსი იმუნიტეტით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ სადეპუტატო მანდატი აღარ აქვს. თუ სასამართლო ხელისუფლებას მისი საქმის სისხლის სამართლის სასამართლოში გადატანა სურს, პალატას იმუნიტეტის მოხსნა მოუწევს. ამჟამად საქმეს ბრიუსელის პროკურატურა და სააპელაციო სასამართლოს გამომძიებელი მოსამართლე განიხილავენ.
მომხდარის შემდეგ RTBF დიდიე რეინდერსის ადვოკატს რამდენჯერმე დაუკავშირდა, მაგრამ მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.