შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ბოდიშს იხდის საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთვის, თუმცა თანამდებობას არ ტოვებს. იუნ სოკ იოლმა სიტყვით მიმართა ქვეყნის მოსახლეობას პარლამენტში მისი იმპიჩმენტის შესახებ კენჭისყრის წინ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის საზოგადოების წინაშე გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ოთხი დღით ადრე ქვეყანა პოლიტიკურ ქაოსში ჩავარდა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საომარ მდგომარეობას მეორედ არ გამოაცხადებს.
„ნამდვილად ვწუხვარ და მინდა, გულწრფელი ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც შოკში იყვნენ. ჩემს პარტიას ვუტოვებ მომავალში პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის, ჩემი სამსახურებრივი ვადის საკითხს. გავრცელდა ხმები, რომ კვლავ საომარი მდგომარეობა გამოცხადდება. ნება მომეცით, ნათლად ვთქვა. მეორე საომარი მდგომარეობის მსგავსი არასდროს იქნება“, – განაცხადა იუნ სოკ იოლმა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ არ გაურბის თავის იურიდიულ პასუხისმგებლობას მომხდარზე. იმავდროულად, სამხრეთ კორეის მმართველი პარტიის ლიდერმა, ჰან დონ-ჰუნმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომა გარდაუვალია, რადგან მას აღარ შეუძლია საჯარო მოვალეობების შესრულება. სამხრეთ კორეის პარლამენტი დღეს განიხილავს ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა ეროვნული ასამბლეის 300 წევრიდან 200-ის მხარდაჭერა.
ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ერთობლივად წარადგინეს იმპიჩმენტის შუამდგომლობა, საერთო ჯამში 192 მანდატი აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მათ დასჭირდებათ, სულ მცირე, რვა ხმა პრეზიდენტის „სახალხო ძალაუფლების პარტიიდან”, რომელსაც აქვს 108 ადგილი. პროკურორებმა, პოლიციამ და მაღალი თანამდებობის პირთა კორუფციის საგამოძიებო ოფისმა დაიწყეს გამოძიება იუნ სოკ იოლისა და საომარი მდგომარეობის შესახებ განკარგულებაში მონაწილე მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ბრალად ედება ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება საომარი მდგომარეობის უსაფუძვლოდ და კანონის დარღვევით შემოღების გამო. იუნ სოკ იოლმა 3 დეკემბერს თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალებისგან თავისუფალი კორეის რესპუბლიკის დასაცავად საჭიროა ჩრდილოეთ კორეის მომხრე ძალების სრული აღმოფხვრა, რასთან დაკავშირებითაც მან გამოაცხადა საომარი მდგომარეობა. შემდგომში შეიქმნა საომარი მდგომარეობის სარდლობა. სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტმა აკრძალა პარლამენტის მუშაობა, რომელსაც აქვს უფლება, გააუქმოს ეს საგანგებო რეჟიმი.
არმიის სპეცრაზმი გაგზავნეს ეროვნულ ასამბლეაში და ცდილობდნენ შენობის მისადგომების გადაკეტვას, მაგრამ დეპუტატების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ პარლამენტში წინასწარ შესვლა მოახერხა. კანონმდებლებმა მიიღეს რეზოლუცია 300-დან 190 ხმით, რომელიც მოითხოვდა საომარი მდგომარეობის მოხსნას. ამავდროულად, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ოპოზიციის 172-მა დეპუტატმა და მმართველი პარტიის „სამოქალაქო ძალის“ 18-მა დეპუტატმა. შედეგად, რამდენიმე საათის შემდეგ იუნ სოკ იოლმა დააკმაყოფილა პარლამენტის მოთხოვნა და გააუქმა საომარი მდგომარეობა. ინციდენტი სულ რაღაც ექვს საათში დასრულდა.
ნოე 11, 2024 0 4002
ნოე 10, 2024 0 3874
ნოე 10, 2024 0 2840
ნოე 13, 2024 0 2654
ნოე 12, 2024 0 2551
ნოე 27, 2024 0 1655
ნოე 13, 2024 0 2654
ნოე 12, 2024 0 2551
ნოე 11, 2024 0 4002
ნოე 10, 2024 0 3874
სულ ხმა მისცა: 1
კი