შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ქართველი ხალხი ევროკავშირის გადამწყვეტ რეაგირებას ელოდება. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებულები და განაახლოს გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ ევროკომისარმა დუბრავკა შუიკამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები იმართება.
მისივე თქმით, ევროკავშირი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ.
„თითქმის 3 კვირაა, ქართველი ხალხი საპროტესტო აქციებს მართავს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავიანთი დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად. უპრეცედენტო პროტესტი მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამოცხადებას, აღარ აწარმოონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე. ეს ნაბიჯი არის მკაფიოდ გადახვევა წინა ქართული მთავრობების პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებისგან. ასევე, პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მკაფიოდ უხვევს თავისი ევროპული გზიდან.
საქართველოში ვითარება უარესდება, გასული ორი კვირის განმავლობაში 450-ზე მეტი პირი დააკავეს. დაახლოებით 300-მდე პირი დაზარალდა ძალადობისა და სასტიკად მოპყრობისგან, მრავალს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამართალდამცველებმა 400-ზე მეტ პირს – ადმინისტრაციული, 30-მდე პირს კი სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს, მაშინ როდესაც არცერთი სამართალდამცავი ან არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფებები არ ყოფილან პასუხისგებაში მიცემული ძალის გადამეტების გამო.
ეს მოვლენები ცალკეული ინციდენტები არ არის, არამედ ნაწილია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის უფრო ფართო სურათისა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე აღინიშნებოდა სერიოზული დარღვევები. ხელისუფლებამ მიიღო „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი და ე.წ. ოჯახური ღირებულებების საკანონმდებლო პაკეტი. ეს ორივე საკანონმდებლო ინიციატივა წინააღმდეგობაშია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. ივნისში ჩვენ რიგი ზომების მიღებით ვუპასუხეთ, მათ შორის, შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევწყვიტეთ დახმარება – 30 მილიონი ევრო „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ და 121 მილიონი ევროს ოდენობით პირდაპირი დახმარება მთავრობისთვის.
საქართველოს წარმატების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. ხელისუფლებას არ შეუცვლია ქმედების კურსი. პატივცემულო წევრებო, დროა, ევროკავშირმა გადამწყვეტი რეაგირება იქონიოს, თანაც, ერთიანი ფორმით. ამას მოელის ჩვენგან ქართველი ხალხი. ძალადობაში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები რეპრესიების შესაჩერებლად, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეები და განაახლოს გაწევრიანების პროცესი.
გუშინ საგარეო საქმეთა საბჭოზე ჩვენ შევთანხმდით შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის; ასევე განვიხილეთ ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სასანქციო რეჟიმის ფარგლებში სანქციების დაწესება იმ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი, ჩართული ან დაკავშირებული არიან ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან. ამავდროულად, ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, მათ შორის, დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ, რათა მათ შეძლონ მუშაობის გაგრძელება ამ რთულ პერიოდში“, – განაცხადა დუბრავკა შუიკამ.
ნოე 11, 2024 0 7386
ნოე 10, 2024 0 7289
ნოე 10, 2024 0 5164
ნოე 13, 2024 0 5063
ნოე 12, 2024 0 4836
ნოე 27, 2024 0 3148
ნოე 13, 2024 0 5063
ნოე 12, 2024 0 4836
ნოე 11, 2024 0 7386
ნოე 10, 2024 0 7289
სულ ხმა მისცა: 1
კი