ისლანდიის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმი დააანონსა

დეკ 22, 2024 - 08:16
 0  182
ისლანდიის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმი დააანონსა

ისლანდიის ახალმა სამპარტიულმა მთავრობამ, რომელიც 21 დეკემბერს შეიქმნა, თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა.

728
300

სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები და ცენტრისტები, რომლებიც ახალ მთავრობაში შევიდნენ, დაჰპირდნენ საზოგადოებას ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარებას, რომელიც „დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებებზე, მშვიდობაზე, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ევროკავშირთან, სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ნატო-სთან“.

კოალიციურ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „რეფერენდუმი ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ 2027 წლამდე ჩატარდება“.

ამასთან, ისლანდიის კოალიციურმა მთავრობამ დამოუკიდებელ უცხოელ ექსპერტებს დაავალა, მოამზადონ ანგარიში ეროვნული ვალუტის – კრონის უპირატესობებისა და ნაკლოვანებების შესახებ და შეისწავლონ „ისლანდიის შესაძლებლობები სავალუტო საკითხებში“.

მთავრობაში შემავალი ისლანდიის სოციალ-დემოკრატიული პარტია და რეფორმების პარტია დეკლარირებულად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

რეფორმების პარტიის ლიდერი თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირი, რომელიც ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს, ადრეც გამოთქვამდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების სურვილს.

ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2009 წელს, ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიტანა, თუმცა მოლაპარაკებები 2015 წელს საკუთარი ინიციატივით შეაჩერა. მაშინ ისლანდიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ევროზონის წარუმატებლობით ახსნა.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრობა უფრო პოპულარული გახდა ისლანდიაში: ამომრჩეველთა 45%-ზე მეტი მხარს უჭერს მას, 35% წინააღმდეგია, დანარჩენებს კი პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებიათ. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია ისლანდიაში ცხოვრების ღირებულების კრიზისთან: მიიჩნევა, რომ ევროკავშირის წევრობა შეიძლება, ხელს უწყობდეს ეკონომიკის განვითარებას სავაჭრო ბარიერების შემცირების გზით, ხოლო ევროზონაში გაწევრიანება შეამცირებს ისლანდიაში ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობას.​​​​​​​​​​​​​​​​

728
300