საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე სეისმური აქტივობის ზრდის გამო სკოლები დახურეს და საგანგებო სამსახურების ბრიგადები განალაგეს
საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე სეისმური აქტივობის ზრდის გამო სკოლები დახურეს და საგანგებო სამსახურების ბრიგადები განალაგეს.
ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.
უსაფრთხოების ზომები ასევე შემოიღეს ეგეოსის ზღვის რამდენიმე ახლომდებარე კუნძულზეც.
აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ამ რეგიონში 200-ზე მეტი წყალქვეშა მიწისძვრა დაფიქსირდა.
„ეს ზომები არის პრევენციული და ხელისუფლება დარჩება ფხიზლად“, – განაცხადა სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა ათენში გამართული მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების რეკომენდაციები რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად“, – განაცხდა მინისტრმა.
ბერძენი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ 4.7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები არ უკავშირდება სანტორინის მიძინებულ ვულკანს, თუმცა ამბობენ, რომ სეისმური აქტივობა შეშფოთებას იწვევს.
კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს ურჩიეს, თავი აარიდონ დახურულ სივრცეებში მასობრივ თავშეყრას, ხოლო სასტუმროებს მოსთხოვეს აუზების დაცლა პოტენციური მიწისძვრისგან ზიანის შესამცირებლად.
სანტორინის ქალაქ ფირაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაზღვრა მოსახლეობის შეკრების ადგილები შესაძლო ევაკუაციისთვის მზადების ფარგლებში, თუმცა მერმა ნიკოს ზორზოსმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ზომები პრევენციული ხასიათისაა.
ამასთან, სეისმოლოგების ნაწილი ამბობს, რომ მიწისძვრების ამჟამინდელი სერია, შესაძლოა, უფრო მასშტაბური სტიქიის მოახლოების მაჩვენებელი იყოს.
სანტორინი საბერძნეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა. კუნძულზე ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტ ვიზიტორი ჩადის.