ევროკავშირის საბჭო - საბჭომ გადაწყვიტა, დაუწესოს სანქციები 16 ინდივიდუალურ პირსა და სამ ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საზღვარგარეთ რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე

დეკ 16, 2024 - 19:06
დეკ 16, 2024 - 19:06
 0  102
ევროკავშირის საბჭო - საბჭომ გადაწყვიტა, დაუწესოს სანქციები 16 ინდივიდუალურ პირსა და სამ ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საზღვარგარეთ რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე

ევროკავშირმა წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების წინააღმდეგ დესტაბილიზაციურ აქტივობებში ჩართული პირების მიმართ სანქციები დააწესა.

728
300

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, დააწესოს სანქციები 16 ინდივიდუალური პირისა და სამი ორგანიზაციისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საზღვარგარეთ რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე.

ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზის თანახმად, აღნიშნული სანქციების დასაწესებლად საჭირო შესაბამისი ჩარჩო 2024 წლის 8 ოქტომბერს შეიქმნა რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებებსა და პოლიტიკაში ჩართულ პირთა წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ფუნდამენტური ღირებულებების, უსაფრთხოების, სტაბილურობის, დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრისკენ.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია ნათქვამი, სიაში მოხვდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფი 29155, რომელიც ცნობილია საზღვარგარეთ განხორციელებული მკვლელობებით და დესტაბილიზაციური აქტივობებით, როგორებიცაა აფეთქებების მოწყობა და კიბერთავდასხმები ევროპაში. ასევე, სამხედრო პერსონალის აქტივობებით უკრაინაში, დასავლეთ ბალკანეთსა და აფრიკაში.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, სიაში არის აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფია ზახაროვა, გერმანელი დეპუტატის ეუგენ შმიდტის ყოფილი თანაშემწე ვლადიმირ სერგიენკო, რუსი მეწარმე ვიზა მიზაევი და მისი მეუღლე, რომლებიც ჩართული იყვნენ გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის სპეცსამსახურების ოპერაციაში.

პრესრელიზის თანახმად, ასევე, ევროკავშირის საბჭოს მიერ შეთანხმებული სანქციები დაუწესდება მოლდოველ ბიზნესმენს, ანატოლი პრიჟენკოს და რუსეთის მთავრობის წარმომადგენელ ალესია მილორადოვიჩს, რომლებიც საფრანგეთში რუსეთის მთავრობის კოლაბორაციონისტებს წარმოადგენენ.

სიაში ასევე მოხვდა ჟურნალისტი თინა კანდელაკი, რომელიც ამჟამად „გაზპრომ მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა.

ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ სასანქციო სიაში შეყვანილ პირებს გაეყინებათ აქტივები და ევროკავშირის მოქალაქეებს თუ კომპანიებს მათთან თანამშრომლობა აეკრძალებათ. მათ ასევე აეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა და ევროკავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტი.

728
300