კაია კალასი - დღეს ჩემი პირველი უნგრული ვეტო იყო, თუმცა გარანტიას გაძლევთ, უკანასკნელი არ იქნება

დეკ 16, 2024 - 23:39
 0  108
კაია კალასი - დღეს ჩემი პირველი უნგრული ვეტო იყო, თუმცა გარანტიას გაძლევთ, უკანასკნელი არ იქნება

ეს ჩემი პირველი უნგრული ვეტოა, თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ უკანასკნელი არ იქნება, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

728
300

კალასმა უპასუხა ქართველი თანამდებობის პირებისადმი სანქციების დაწესების შესახებ უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას: „ვიცით, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციების წინააღმდეგი იყვნენ საქართველოსთვის. როგორ აფასებთ ამ სიტუაციას? ეს თქვენი მანდატის ფარგლებში პირველი უნგრული ვეტოა. გაქვთ სურვილი, კიდევ სცადოთ სანქციები?“

როგორც კალასმა აღნიშნა, ის კოლეგებთან ინტენსიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

„მე ინტენსიურად ვმუშაობდი უნგრელ კოლეგებთან და მიზნად ვისახავ, ვიმუშაო მათთან მომავალშიც. არა მხოლოდ მე, არამედ სხვებიც, და შევთავაზებთ სხვადასხვა გამოსავალს დასაძლევად, თუმცა ბევრს მივაღწიეთ ამ საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში, ასევე გაიმართება ასოცირების საბჭო, გვაქვს ამ უვიზო რეჟიმის შეჩერება. გვაქვს გარკვეული მიღწევები, მაგრამ არა 100%-ით“, – განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კაია კალასმა განაცხადა:  „შევთანხმდით ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე, დამატებითი სანქციებისთვის 27-ვე წევრის თანხმობა, სამწუხაროდ, არ გვაქვს“.

ბრიუსელში გამართულ დღევანდელ სხდომაზე, ქართველი თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების გარდა, განიხილებოდა დამატებითი სანქციები, რომელსაც სჭირდებოდა 27-ვე წევრის თანხმობა. ეს სანქციები უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს.

728
300