რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე მასირებული საჰაერო თავდასხმები დაიწყო

ნოე 28, 2024 - 20:34
 0  124
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე მასირებული საჰაერო თავდასხმები დაიწყო

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე მასირებული საჰაერო თავდასხმები დაიწყო

728
300

ხუთშაბათს, 28 ნოემბერს, იმ დროს, როდესაც მთელი უკრაინის მასშტაბით ტემპერატურა ნულამდე დაეცა, რუსეთმა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორზე მასირებული შეტევა განახორციელა, რამაც ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოიწვია. უკრაინის ენერგოსისტემა მასიური თავდასხმების ქვეშ 2022 წლის თებერვალში ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოექცა. კიევმა მოსკოვი „ტერორისტულ“ ტაქტიკაში დაადანაშაულა, რომლის მიზანია უკრაინის ქალაქების სიბნელეში ჩაძირვა და მთელი ზამთრის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გათბობის გათიშვა. ღამის ავიადარტყმები იმ ორკვირიანი დრამატული ესკალაციის გაგრძელებაა, რომლის დროსაც ორივე მხარემ ახალი იარაღი გამოიყენა, რათა იანვარში დაგეგმილ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე უპირატესობა მიიღოს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს თქმით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მტრის ინტენსიური თავდასხმის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც რაკეტების მოახლოვების შესახებ საჰაერო განგაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული ფრთოსანი რაკეტებით და მოიერიშე დრონებით თავდასხმა ხორციელდება ქვეყნის დიდ ქალაქებზე, რომელთა შორის არის დედაქალაქი კიევი, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ხარკოვი და შავი ზღვის საპორტო ქალაქი ოდესა. „ენერგეტიკული სექტორი კვლავ მტრის მასირებული იერიშის ქვეშ იმყოფება. ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები მთელ უკრაინაში მიმდინარეობს“, - აცხადებს გალუშჩენკო. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა 0 გრადუს ცელსიუსამდე (32 გრადუსი ფარენჰეიტით) დაეცა, ენერგოსისტემის ეროვნულმა ოპერატორმა „უკრენერგომ“ სასწრაფოდ მიიღო ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გადაწყვეტილება. როგორც ენერგოკომპანია DTEK (დონბასის თბოენერგეტიკული კომპანია - რედ.) იტყობინება, რომ „უკრენერგო“ ელექტროენერგიის გადაუდებელ ავარიულ გათიშვას კიევის, ოდესის, დნიპროსა და დონეცკის ოლქებში ახორციელებს.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, 28 ნოემბრის დილის 08:00 საათისთვის (06:00 GMT), ავიაიერიშები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯერ კიდევ გრძელდებოდა. „როგორც კი უსაფრთხოების ვითარება საშუალებას მოგვცემს, თავდასხმის (ავიადარტყმების) შედეგები დაზუსტდება“, - აღნიშნა გალუშჩენკომ.

სარაკეტო მარაგები

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაზე თავდასხმების უწყვეტი ტალღა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი „ტერორის ტაქტიკას აგრძელებს“. „მათ მოაგროვეს რაკეტები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომისთვის... ზამთარში“, - აღნიშნა ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამ“ შეტყობინებაში და პირობა დადო, რომ უკრაინა ამ თავდასხმებს აუცილებლად უპასუხებს. გაერო-ს მაღალჩინოსანი, როზმარი დი კარლო ამ თვეში გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებმა შეიძლება ეს ზამთარი „გახადოს ყველაზე მკაცრი ომის დაწყების შემდეგ“. თავად რუსეთმა კი მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაადცემული „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების გამოყენებისთვის, საპასუხო ზომებს ამზადებს.

რუსეთის სასაზღვრო რაიონებზე, სულ მცირე, სამი სარაკეტო დარტყმა უკრაინამ მას შემდეგ განახორციელა, რაც თეთრმა სახლმა კიევს რუსეთის ტერიტორიაზე მის მიერ გადაცემური რაკეტების გამოყენების უფლება მისცა. პირველი დარტყმის საპასუხოდ, მოსკოვმა უკრაინის ქალაქ დნიპროს უპრეცედენტო ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. ერისადამი მიმართვისას, რუსეთის განრისხებული პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შეიძლება ბირთვული რაკეტა დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ მიმართოს, თუ ისინი უკრაინას საშუალებას მისცემენ, რომ დასავლური იარაღი რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ერთ ღამეში მოსკოვმა უკრაინელების 25 თვითმფრინავი ჩამოაგდო, მათ შორის 14 - ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით მდებარე კრასნოდარის მხარის სამხრეთ ნაწილში.

თავის მხრივ, კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ქერჩის ხიდის აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში (60 მილი) მდებარე ქალაქ სლავიანსკ-კუბანში ჩამოვარდნილი ნამსხვრევებით ერთ-ერთი ქალი დაიჭრა.

აშშ-ს ახალი წარმომადგენელი

ბოლო სარაკეტო ზალპი ერთი დღის შემდეგ გაისმა, რაც აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინაში თავის ელჩად მისი ერთგული მხარდამჭერი, გადამდგარი გენერალი, კიტ კელოგი დანიშნა, რომელსაც რუსეთის აგრესიისთვის წერტილის დასმა დაავალა. ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანია უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების ლოზუნგით ჩაატარა და ტრაბახობდა, რომ როგორც შუამავალი, სწრაფად იმოქმედებდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად. მისმა კომენტარებმა კიევში გააჩინა შიში, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შეიძლება თავისი ტერიტორიები დაათმობინოს. 80 წლის კელოგმა წელს მოამზადა დოკუმენტი, რომლითაც ვაშინგტონს მოუწოდებს, კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშემწყობ საშუალებად გამოიყენოს. ჯო ბაიდენის წარმავალმა ადმინისტრაციამ კი უკრაინას ურჩია, 1000-კილომეტრიან (600 მილი) ფრონტის ხაზზე სამხედრო ძალის მწვავე დეფიციტის შევსების მიზნით, გაწვევის მინიმალური ასაკი 25-დან 18 წლამდე დაწიოს.

უკვე რამდენიმე თვეა, რუსული ჯარები წარმატებებს აღწევენ საბრძოლო ოპერაციებში, რადგან ისინი უკრაინის გაწელილ ძალებზე უპირატესობას ფლობენ, ცოცხალი ძალისა და საბრძოლო მასალების კუთხით.

728
300