ხვიჩა კვარაცხელია - მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია, საქართველო იმსახურებს ევროპას
ხვიჩა კვარაცხელია, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და სხვა სპორტსმენები ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ემხაურებიან, გმობენ ძალადობას და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საქართველოს გზა ევროპულია. მათ განცხადებებს უცვლელად გთავაზობთ.
ხვიჩა კვარაცხელია: „მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა, დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, აზრი და პოზიცია.
ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი, მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე, როგორც არასდროს!“.
დავით ნინიაშვილი: „რთულია, ამ ყველაფერს შორიდან უყურო. მადლობა ბრძოლისთვის, მადლობა თავგანწირვისთვის“.
გიორგი მამარდაშვილი: „სირცხვილია“.
გიორგი ქოჩორაშვილი: „საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას. მტკივნეულია, ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული“.
ზაზა ფაჩულია: „რთულია, უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება. ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი“.
გიორგი ჩაკვეტაძე: „ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან. უნდა შეწყდეს ძალადობა, საქართველოს მომავალი არის ევროპა.
ეს გზა მოითხოვს ერთიანობას და მშვიდობისადმი ერთგულებას. ქართველებო, თქვენს გვერდში ვარ!“
ბუდუ ზივზივაძე: „ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება.
საქართველო იმსახურებს, იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა. საქართველოს ადგილი ევროპაშია“.