„პოლიტიკო“ - რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ცნობილი ბლოგერის უპირატესობის შემდეგ, რუმინეთის ხელისუფლება ევროკავშირს მოუწოდებს, გამოიძიოს „ტიკ-ტოკის“ როლი არჩევნებში

ნოე 27, 2024 - 17:28
 0  65
„პოლიტიკო“ - რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ცნობილი ბლოგერის უპირატესობის შემდეგ, რუმინეთის ხელისუფლება ევროკავშირს მოუწოდებს, გამოიძიოს „ტიკ-ტოკის“ როლი არჩევნებში

„პოლიტიკოს“ ცნობით, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ცნობილმა ბლოგერმა უპირატესობა მოიპოვა, რუმინეთის ხელისუფლება ევროკავშირს მოუწოდებს, გამოიძიოს „ტიკ-ტოკის“ როლი აღნიშნულ არჩევნებში.

728
300

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ჯორჯესკუს უპირატესობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კამპანიამ, რომელიც რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა „ტიკ-ტოკზე“ ჩაატარა. „პოლიტიკოს“ ცნობით, ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ჯორჯესკუს მხარდასაჭერად „ტიკ-ტოკზე“ ათასობით ყალბი ანგარიში შეიქმნა.

ამასთან, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ბუქარესტისგან უკვე მიიღეს შესაბამისი ფორმალური მოთხოვნა. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს. ევროკომისიის პრესსპიკერის თქმით, ევროკავშირს შეუძლია, დაიწყოს გამოძიება, თუ ექნება შესაბამისი მტკიცებულებები.

„ევროკომისია არ ერევა ეროვნულ არჩევნებში და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიისწრაფვის, უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა კანდიდატისთვის“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

როგორც ცნობილი გახდა, რომ „ტიკ-ტოკის“ ხელმძღვანელს ევროპარლამენტშიც იბარებენ. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროპარლამენტარი ვალერი ჰაიერი ითხოვს, რომ „ტიკ-ტოკის“ აღმასრულებელი დირექტორი ევროპარლამენტში წარდგეს და უპასუხოს კითხვებს, რომლებიც რუმინეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ პლატფორმის როლს ეხება.

მანამდე რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, მაგრამ მეორე ტურში ვერ გავიდა, განაცხადა, რომ აუცილებელია, „ტიკ-ტოკზე“ ჯორჯესკუს კამპანიის დაფინანსება შემოწმდეს. ბრიუსელში „ტიკ-ტოკის“ წარმომადგენელის თქმით კი, „რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციური, არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი ცნობები ვრცელდება. სოციალურ ქსელის მესვეურები ამბობენ, რომ „ტიკ-ტოკზე“ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატების უმეტესობა იყო წარმოდგენილი. „ტიკ-ტოკში“ ასევე განმარტავენ, რომ „პლატფორმა აქტიურად თანამშრომლობდა საარჩევნო კომისიასთან და აპლიკაციაში დანერგა „საარჩევნო ცენტრი“, რათა სანდო საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაეზარდა“.

ცნობისთვის, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა, სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ პოპულარულმა ბლოგერმა, კალინ ჯორჯესკუმ მიიღო. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური  8 დეკემბერს გაიმართება.

728
300